„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თხოვნით მიმართავს, მათი წარმომადგენლების დასაკითხად პარტიის ოფისში თავად მივიდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, თუმცა წინასაარჩევნო პროცესიდან გამომდინარე გადატვირთული რეჟიმი აქვთ.
„სამართალდამცავ უწყებებთან, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ, მაგრამ, ვინაიდან ვართ წინასაარჩევნო პროცესში და გვაქვს გადატვირთული რეჟიმი, ვთხოვთ უწყებას, მოვიდნენ პარტიის ოფისში და აქ დაკითხონ ის პირები, რომლებიც მათთვის არიან საინტერესო. ეს არის დანერგილი პრაქტიკა და ჩვენ ამით არაფერ ახალს არ ვითხოვთ“, - განაცხადეს „ნაციონალურ მოძრაობაში“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი - აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური დაკითხვაზე დაიბარა.
როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ისინი ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხვაზე დღეს, 18:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ.