გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაბამის ქვეყნებში შუამდგომლობებს გაგზავნის. ამის შესახებ სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა ცოტა ხნის წინ გამართილ ბრიფინგზე განაცხადა.
”სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობები გაიგზავნება ყველა შესაბამის ქვეყანაში გამოძიების ინტერესების მიხედვით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ დაუშვებს რაიმე სახის დესტაბილიზაციას ქვეყანაში და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება”, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი დაიბარეს.