"გადატრიალებას ამზადებენ ეს გარეწრები, სამწუხაროდ, ეს არ არის ხელისუფლების ფანტაზიის ნაყოფი"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შივლი, ცოტნე გამსახურდია "ფეისუბქის" საკუთარ გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მონაწილეობით, ფარული ჩანაწერის ვიდეორგოლს აქვეყნებს.

გამსახურდია წერს, რომ "ამ რამდენიმეწუთიან ჩანაწერში, საუბარია სახელმწიფო გადატრიალებაზე, რომელიც ხელისუფლების ფანტაზიის ნაყოფი ნამდვილად არ არის". 

"აუცილებლად უყურეთ, რამდენიმე წუთია. სრულიად კონკრეტულ გადატრიალებას ამზადებენ ეს გარეწრები! სამწუხაროდ, ეს არ არის არც ხელისუფლების ფანტაზიის ნაყოფი, და არც მტრის ხატის ძიება, უსმინეთ.

ესენი იმდენს იზამენ, რომ მართლაც მოუწევთ ლინჩის წესით გასამართლება! ჰო, ბოლოს ფარჩაკი ბობოხიძე იმასაც კი ტრაბახობს, მე სამხედრო გადატიალების დაგეგმვაში მაქვს მონაწილეობა მიღებულიო", - წერს გამსახურდია.  

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების აუდიოჩანაწერი დღეს გავრცელდა, სადაც თანაგუნდელები არჩევნებისთვის რევოლუციური ფონის შექმნის შესახებ საუბრობენ.

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სუს-მა გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად.