საქართველო რასაც აკეთებდა და რასაც აკეთებს აფხაზეთისთვის, ცხინვალისთვის, ეს ყველაფერი წრფელი გულით იყო და არის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოსთან ერთად ხარობდეს აფხაზეთი, საქართველოსთან ერთად გახარებული იყოს ცხინვალის რეგიონი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, სადაც ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღავლინა.
პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღესასწაულის, ასევე სოხუმის დაცემის შესახებ ისაუბრა.
„სიხარული და მწუხარება ტყუპი ძმებივით ერთად არიან. აღმოსავლური სიბრძნე ამბობს: ჰოი სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ჰოი მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა. დღეს დღესასწაულიც არის და მწუხარების დღეც არის. მეოთხე საუკუნეში წმინდა დედოფალმა ელენემ აღმოაჩინა მაცხოვრის ჯვარი და იერუსალიმის პატრიარქთან ერთად აღამაღლა. მაგრამ, დღეს არის მწუხარების დღეც. ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს. ჩვენს ვაჟკაცებს, რომლებმაც თავი დასდეს საქართველოს მთლიანობისთვის აფხაზეთში. და აი, ჩვენ შევთხოვთ უფალს „ძალი ერსა თვისა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“. გვაშოროს განსაცდელი, გვაშოროს სიკვდილიანობა, გვაშოროს მწუხარება. ღმერთი ხედავს, რომ საქართველო რასაც აკეთებდა და აკეთებს, აფხაზეთისათვის, ცხინვალისათვის, ეს ყველაფერი წრფელი გულით იყო და არის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოსთან ერთად ხარობდეს აფხაზეთი. რომ საქართველოსთან ერთად გახარებული იყოს ცხინვალის რეგიონი“, - განაცხადა უწმინდესმა.
პატრიარქმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ რუმინეთში წმინდა ივერიელის 300 წლისთავს ზეიმით აღნიშნავენ, სადაც საქართველოდან ჩასულია სასულიერო პირებისგან შემდგარი დელეგაცია.
ქადაგებისას უწმინდესმა განაცხადა, რომ ანთიმოზ ივერიელი საქართველოდან 16 წლის მოიტაცეს და გაყიდეს. იგი შემდეგ იერუსალიმის პატრიარქმა გამოისყიდა და მოგვიანებით, რუმინეთის ეკლესიის მამამთავარი გახდა.
პატრიარქის თქმით, მან მიიღო დიდი განსაცდელი, ცხოვრების ბოლოს ანთიმოზ ივერიელს სასულიერო ხარისხი ჩამოართვეს, სინას მთაზე გააგზავნეს, სადაც გზაში მოკლეს.
დღეს უწმინდესმა ტაძარში კაციების გვარი დალოცა. ასევე წირვისას აფხაზეთში გარდაცვლილთა სულები მოიხსენია.