ამ თავქარიან ადამიანს, რომელიც დღეს ოდესის გუბერნატორია, სხვა შანსი, გარდა საქართველოში არეულობის მოწყობისა, არ აქვს

ამ თავქარიან ადამიანს, რომელიც დღეს ოდესის გუბერნატორია, სხვა შანსი, გარდა საქართველოში არეულობის მოწყობისა, არ აქვს

ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს, ჩვენი შვილების წინააღმდეგ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსს“ ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი თავქარიანი ლიდერი რეალობასაა მოწყვეტილი".

ვოლსკის თქმით, სააკაშვილი ამ სცენარზე დეტალურად 2014 წლიდან საუბრობს და ამ პერიოდში მის სცენარს "ნაცმოძრაობის" არცერთი წევრი არ გამიჯვნია.

"მთელი ეს პერიოდი, როდესაც 2014 წელს სააკაშვილმა პირველად ილაპარაკა სახელმწიფოს, მთავრობის დამხობაზე, ყურადღება არავინ მიაქცია. არადა საუბარი იყო საკმაო დეტალებზე. იყო რამდენიმე ინტერვიუ. შემდეგ იყო მისი ჩანაწერი გიგა ბოკერიასთან, ნიკა გვარამიასთან. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ არცერთი წარმომადგენელი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ ემიჯნებიან ამ სცენარს. უფრო მეტიც, გუშინ გამოვიდა ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი და თქვა, რომ ეს მათთვის მისაღები სცენარი არაა. ქვეყანაში არეულობა შეიძლება არ უნდოდეს საზოგადოებას და შეიძლება არ უნდოდეს „ნაცმოძრაობის“ გარკვეულ ჯგუფსაც. ჩვენი ვალია ჩამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი და დამკვირვებლების დიდი ჯგუფი უკვე აქაა. კიდევ მეტი ჩამოვა და საზოგადოება განწყობილია პოზიტიურად. საერთოდ წინასაარჩევნო შეფასებები არის პოზიტიური. სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი თავქარიანი ლიდერი მოწყვეტილები არიან რეალობას, თუ რა ხდება ქვეყანაში. სხვა შანსი გარდა საქართველოში არეულობის მოწყობისა, ამ თავქარიან ადამიანს, რომელიც დღეს ოდესის ოლქის გუბერნატორია, არ აქვს. ახლა წამოწიეს სანდრა რულოვსი, რომელიც ზღაპრებს გვიყვება გათხრილი და გასათხრელი გვირაბების შესახებ. ახალმა ჩანაწერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვერ არიან ჯანსაღ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში", - განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა.

მისივე თქმით, თუ კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება, აუცილებლად უნდა მოხდეს იმ პირთა დაკითხვა, ვინც „ამ სცენარის დაგეგმვაშია ჩართული“.

"ამ პერიოდამდე მოვედით ისე, რომ ქვეყანაში არ შეგვექმნა ზედმეტი დაძაბულობა. უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ ქვეყანას არ მიადგეს ზარალი. თუკი იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, ალბათ იმ ხალხის დაკითხვა უნდა მოხდეს, ვინც ჩართულია ასეთ უმსგავსო, უზნეო, ქვეყნის საწინააღმდეგო მოღალატეობრივი სცენარის დაგეგმვაში. ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს, ჩვენი შვილების წინააღმდეგ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.