ირაკლი ალასანია:  „თავისუფალი დემოკრატები“ ყველანაირ პროვოკაციას დაუპირისპირდება

ირაკლი ალასანია: „თავისუფალი დემოკრატები“ ყველანაირ პროვოკაციას დაუპირისპირდება

„თავისუფალი დემოკრატები“, როგორც ჯანსაღი ძალა, ყველანაირ პროვოკაციას დაუპირისპირდება, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც დღეს გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, უშუალოდ ფარული ჩანაწერების შინაარსზე ის კომენტარს არ გააკეთებს.

„ჩვენ მივდივართ არჩევნებისკენ და ხალხს აქვს არჩევანი გასაკეთებელი რეალობას, წარსულსა და მომავალს შორის. „ქართული ოცნება“ არის დღევანდელი რეალობა, რომელიც არავის არ გვინდა, რომ შენარჩუნდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსული, რომელშიც დაბრუნება არავის არ გვინდა. მომავალი გვინდა ერთად შევქმნათ და ამიტომ „თავისუფალ დემოკრატებს“ ყველაზე მეტი შანსი გვაქვს გამარჯვების. „თავისუფალი დემოკრატები, როგორც ჯანსაღი ძალა ყველანაირ პროვოკაციას დაუპირისპირდება. დარწმუნებული იყოს ყველა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება, ყველას ხმა იქნება დაცული და ჩვენ გავიმარჯვებთ როგორც პროგრესული ძალა“, - აღნიშნა ალასანიამ.

ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

უფრო კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარი სწორია, თუმცა თუ ეს არ გამოვა, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ, რასაც ექს-პრეზიდენტი არ ეთანხმება.

„ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, - აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერის თანახმად და იქვე დასძენს, რომ „რუსთავი მოამწიფებს ამ პიკს“.

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ.