მანანა კობახიძე:   პასუხი მოეთხოვება ამ ქმედებისთვის ყველა პიროვნებას, მათ შორის სააკაშვილსაც

მანანა კობახიძე: პასუხი მოეთხოვება ამ ქმედებისთვის ყველა პიროვნებას, მათ შორის სააკაშვილსაც

ამ ქმედებებისთვის პასუხი მოეთხოვება ყველა პირს, მათ შორის სააკაშვილსაც, - ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დღეს გავრცელებულ ჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შესაძლო დესტაბილიზაციაზე ესაუბრება.

კობახიძის თქმით, აღნიშნული ჩანაწერი არ უნახავს, თუმცა გუშინ „თავისუფალი ზონის“ წევრების მიერ გაცხადებული ინფორმაცია არის საფუძველი, რომ გამოძიება დაიწყოს და დაიკითხოს ყველა პირი ვინც ამ ჩანაწერებში მონაწილეობს.

„ყველა კითხვა უნდა დაისვას, უნდა დაიკითხოს ყველა პირი, თუ ასეთი გეგმა არსებობდა ან არსებობს, სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული არის დასჯადი და ყველა პასუხს აგებს. არავითარი საფუძველი არ აქვს ქვეყანაში გადატრიალებას, რევოლუციებს, საზოგადოება ამას არ დაუშვებს. ხელისუფლებას აქვს ყველა პოტენციალი და შესაძლებლობა, რომ აღიკვეთოს ყველანაირი მცდელობა რაიმე ტიპის დესტაბილიზაციის. პასუხი მოეთხოვება ამ ქმედებისთვის ყველა პიროვნებას, მათ შორის სააკაშვილსაც“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.