დავით უსუფაშვილი:  ვიღაცას იმედი აქვს, რომ ემოციური ფონით წარმატებას მიაღწევს

დავით უსუფაშვილი: ვიღაცას იმედი აქვს, რომ ემოციური ფონით წარმატებას მიაღწევს

მე მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, 8 ოქტომბრის არჩევნებზე არჩევანი გავაკეთოთ ძალიან ბევრი რამის გამო და არა მხოლოდ იმის გამო, რასაც გავიგებთ ან მოვისმენთ ამ დღეების განმავლობაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა.

დავით უსუფაშვილი გამოეხმუარა ინტერნეტში ცოტა ხნის წინ გავრცელებულ აუდიომასალას.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, არჩევნებამდე დარჩა 10 დღე და როგორც ჩანს ამ დღეების განმავლობაში მოწმე გავხდებით ძალიან ბევრი მოვლენის, განცხადების თუ მოქმედების, რომელიც მიმართულია მოსახლეობის ემოციური ფონის გაზრდაზე.

„ვიღაცას აქვს იმედი, რომ ამ ემოციური ფონით მიაღწევს წარმატებას. მე მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, 8 ოქტომბრის არჩევნებზე არჩევანი გავაკეთოთ ძალიან ბევრი რამის გამო და არა მხოლოდ იმის გამო, რასაც გავიგებთ ან მოვისმენთ ამ დღეების განმავლობაში, იმიტომ რომ არჩევნების წინა დღეებში ძალიან რთულია იმის გარკვევა რა არის ტყუილი და რა არის მართალი. ყველას, ვისაც აზრად აქვს რაიმე დესტაბილიზაცია ან აზრად აქვს რომ ამ ფონზე მიაღწიოს წარმატებას, მოქალაქეებმა უნდა ვუთხრათ ძალიან მყარად რომ ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვიქნებით განსაკუთრებით ჭკუადამჯდარი, განსაკუთრებით გონიერებით აღვსილნი, ემოციებს ან ამ ტიპის ტემპერატურის აწევის მცდელობებს არ დავექვემდებარებით, იმიტომ რომ ჩვენ 8 ოქტომბერს არჩევანი მომავლისთვის უნდა გავაკეთოთ და არა წარსულისთვის, რომელიც ამ დღეებში სხვადასხვა გამოვლინებებით ჩნდება, მათ შორის ვიდეო, აუდიო და ა.შ. ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი არჩევნები და მშვიდობიან არჩევნებში გამარჯვებული ძალები უნდა გაუძღვენ ამ ქვეყანას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

აუდიო ჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

უფრო კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარი სწორია, თუმცა თუ ეს არ გამოვა, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ, რასაც ექს-პრეზიდენტი არ ეთანხმება.

„ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, - აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერის თანახმად და იქვე დასძენს, რომ „რუსთავი მოამწიფებს ამ პიკს“.

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ.