ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა სრულდება. საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს.
ტაძარში წმინდა სახარებიდან ადგილს წაიკითხავენ, სადაც უფლის ჯვარცმის შესახებ არის საუბარი.
წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს დღევანდელ დღეს მიულოცავს და ქადაგებით მიმართავს.
ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. ეს ფაქტი 326 წელს მოხდა. კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.