გიორგი კვირიკაშვილი - დღეს ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვიშუშოთ იარები და როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი

გიორგი კვირიკაშვილი - დღეს ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვიშუშოთ იარები და როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი

დღეს ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვიშუშოთ იარები, როგორ აღვადგინოთ აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდი და როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს გმირთა მოედანზე განუცხადა, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მხოლოდ მშვიდობიანი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ წინ იმ მიზნისკენ, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია.
„დღეს არის საქართველოს უახლეს და არა მარტო უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი - სოხუმის დაცემის დღე. ამ ომის შედეგად ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირია ქვეყნის შიგნით და გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. მთავარი, რასაც ყველა ჩვენგანი ვაცნობიერებთ არის ის, რომ ეს იყო ომი ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ და ამ ომს თავშივე არ ჰყავდა მოგებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა დაღუპული მეომრის ხსოვნას მივაგებთ პატივს, ყველა მათგანი არის გმირი. სწორედ აფხაზეთის ომში დაღუპულთა გმირობა უნათებდა ქართველ ჯარისკაცებს შემდგომში კიდევ არაერთი შეიარაღებული კონფლიქტის დროს გზას და სწორედ მათი გმირობა იყო მაგალითის მიმცემი სხვებისთვის. დღეს ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვაშუშოთ ეს იარები, როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის და მშვიდობიანად, მშვიდობიანად და მხოლოდ მშვიდობიანად ვიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ იმ მიზნისკენ, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ის ერთიანობა, რომელიც გვქონდა. ჩვენმა შვილებმა აფხაზებთან და ოსებთან ერთად ერთიან ქვეყანაში ძმობაში და მეგობრობაში უნდა იცხოვრონ. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი მიზანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სოხუმის დაცემიდან დღეს 23 წელი შესრულდა.