”ნაციონალურ მოძრაობაში” შიგნით დიდი განხეთქილებაა და მალე სხვა წევრებიც დატოვებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბესიკ კალაძემ განუცხადა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე სამსაათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა.
კალაძემ ჟურნალისტებთან დეტალებზე საუბარი არ ისურვა. მისი თქმით, რამდენიმე დღეში სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ, სადაც კონკრეტული მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შემდგომ ქვეყანაში დესტაბილიზაციას შეეცდება.
”ნაციონალურ მოძრაობას” მალე სხვა წევრებიც დატოვებენ. შიგნით დიდი განხეთქილებაა. დეტალურად ინფორმაციას მტკიცებულებებთან ერთად რამდენიმე დღეში მოგაწვდით. სხვა დამატებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ”, - განაცხადა ბესიკ კალაძემ.
ის ასევე ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც რომ ”სუსმა თავისი გამოგზავნილი რამდენიმე პირი უკან წაიყვანა“. კალაძის განცხადებით, ბრალდებები, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან დღის განმავლობაში კეთდებოდა, მათ შორის ნადირაშვილის, უსაფუძვლოა.
”ირმა ნადირაშვილი არის სამარცხვინო ქალი. მე მის განცხადებაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. მან ძალიან კარგად იცის, რაც ხდება. ჩვენ გამოვეყავით ”ნაციონალურ მოძრაობას”, თუმცა ვრჩებით ხელისუფლების ოპოზიციაში”, - განაცხადა ბესიკ კალაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ”თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიება საბოტაჟის მომზადების ფაქტზე დაიწყო.