”ნაციონალური მოძრაობა” დაიცავს წესებს მშვიდობიანი არჩევნების ჩასატარებლად, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, პარტიის ქუთაისის 49-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი ეუთო-ს დემოკრატიის ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან (OSCE/ODIHR) ერთად, ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ალექსანდრ კელჩევსკის შეხვდა.
გიგი წერეთლის თქმით, ქუთაისს, როგორც საქართველოს პარლამენტისა და მომავალი პოლიტიკური ცენტრის ქალაქს მეტი ყურადღება სჭირდება.
„შეხვედრისას ქუთაისში წინასაარჩევნო გარემოზე - ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტებზე ვისაუბრეთ. ჩემი თხოვნა იყო, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს ქუთაისში, როგორც ეუთო-დან (OSCE), ასევე სხვა ინსტიტუტებიდან. ”ნაციონალური მოძრაობა” დაიცავს წესებს მშვიდობიანი არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა ასევე დაიცავს თითოეული მოქალაქის ხმასა და ადამიანს, რომელიც ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში“,- განაცხადა წერეთელმა.