"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრი კახა კუჭავა, სარეიტინგო ორგანიზაცია ფრეიზერის ინსტიტუტის 2016 წლის ანგარიშს აფასებს.
კუჭავას შეფასებით, ანგარიშის მიხედვით საქართველომ უპრეცედენტოდ დიდ წარმატებას მიაღწია.
"ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა. ამ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ჰონგ კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია და შვეიცარია უსწრებს. საქართველოსთან ერთად მე-5 პოზიციას იკავებს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა კანადა, ირლანდია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაუმჯობესების მთავარი ფაქტორია საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვის მხრივ საგრძნობი გაუმჯობესება, ასევე წარმატებული მონეტარული პოლიტიკა",-განაცხადა კუჭავამ.
მისივე თქმით, ანგარიშში მითითებულია, რომ გაუმჯობესდა შემდეგი ინდიკატორები: სასამართლოს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებელი სასამართლო, საკუთრების უფლების დაცვა, ინფლაციის კონტროლი და სხვა.
"საქართველო 159 ქვეყანას შორის საუკეთესო ხუთეულშია, შედარებისათვის, მეზობელი ქვეყნები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ეკონომიკური თავისუფლების მხრივ. კერძოდ: ამ რეიტინგში თურქეთს - 90-ე, უკრაინას - 135-ე, რუსეთს - 102-ე, აზერბაიჯანს - 107-ე, სომხეთს კი მე-18 პოზიცია უჭირავთ. პროგრესი რომ უფრო თვალსაჩინო იყოს, ფრეიზერის ინსტიტუტის 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო 53-ე ადგილზე იმყოფებოდა, 2013 წლის ანგარიშის მიხედვით - 21-ე ადგილზე, 2014 წლის - მე-16 ადგილზე, 2015 წლის მე-12 პოზიციას იკავებდა ",-განაცხადა კუჭავამ.
ამასთან, კახა კუჭავა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც მთავრობის ეკონომიკური და საბიუჯეტო პოლიტიკა გააკრიტიკა და მმართველი გუნდი სახელმწიფო ვალის გაზრდაში დაადანაშაულა.
"რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ უპასუხისმგებლო განცხადებაზე, ბატონი მიხეილი და ზოგადად, მისი პოლიტიკური ძალა საზღვრავს საგარეო ვალს ლარებში, რომ გაბეროს და პირიქით, შიდა პროდუქტს საზღვრავს დოლარებში, რომ შეამციროს მაქსიმალურად მოცულობები. ზოგადად, რა კომენატრი უნდა გავაკეთო იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომლის მმართველობის დროს სწორედაც 2005 წლიდან 2012 წლამდე გასამმაგდა საგარეო ვალი, რომლის გადახდასაც ახლა ჩვენ ვახორციელებთ უკვე წარმატებით",-აღნიშნა კუჭავამ.