2015–2016 წლებში, საქართველოში, 9 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის გეგმის წარდგენისას აეროპორტების შესახებ ისაუბრა

2015–2016 წლებში, საქართველოში, 9 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის გეგმის წარდგენისას აეროპორტების შესახებ ისაუბრა

კვირიკაშვილის თქმით, ვინაიდან ტურისტთა რაოდენობა უშუალოდ დამოკიდებულია პირდაპირი რეისების რაოდენობაზე, ფრენების გეოგრაფიაზე, სიხშირესა და ავიაბილეთების ხელმისაწვდომობაზე, საქართველოს მთავრობა ინტენსიურად მუშაობს ამ მიმართულების განვითარებაზე. 

"დღეისთვის, გვაქვს 12 აეროპორტი. აქედან, მხოლოდ სამია საერთაშორისო სტატუსის აეროპორტი - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. მხოლოდ 5 აეროპორტიდან სრულდება სამგზავრო ავიარეისები – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, მესტია, ნატახტარი. ვინაიდან ტურისტთა რაოდენობა უშუალოდ დამოკიდებულია პირდაპირი რეისების რაოდენობაზე, ფრენების გეოგრაფიაზე, სიხშირესა და ავიაბილეთების ხელმისაწვდომობაზე, ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. მხოლოდ 2015–2016 წლებში საქართველოში შემოვიდა 9 ახალი ავიაკომპანია", - განაცხადა პრემიერმა. 

მისივე თქმით, დღეისთვის საჰაერო გზით ჩამოსულ ტურისტთა ძირითადი რაოდენობა მოდის თბილისის აეროპორტზე. 

"ჩვენი ამოცანაა, ამ მიმართულებით მოხდეს დივერსიფიკაცია და განვავითაროთ დანარჩენი აეროპორტები. ქუთაისში, დღეს არსებულ 4 საერთაშორისო რეისს 7 ახალი რეისი დაემატება ევროპის მიმართულებით. ასევე,  ქუთაისში ბევრი ჩარტერული ფრენა სრულდება და მის განვითარებას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. უძრავი ქონებით დაინტერესებულ ადამიანებს მოგიწოდებთ, დაინტერესდეთ ამ მიმართულებით, რადგან ძალიან საინტერესო პოტენციალი იქნება საქართველოში", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

პრემიერის ინფორმაციით, თვის ბოლოს დასრულდება ამბროლაურის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა.

"ერთი კვირის წინ დავიწყეთ და ასე სწრაფი ტემპით ვასრულებთ, დარწმუნებული ვარ, მექნება საშუალება, პირადად განვახორციელო ფრენა ამ მიმართულებით. ასევე, აშენდება თანამედროვე დიზაინის, სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალი, რომელიც მოემსახურება რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებას და რამდენიმეჯერ გაზრდის ამ მიმართულების მიმზიდველობას ტურისტებისთვის",-განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება და დასრულდება. ასევე, პრემიერმა, ამ მიმართულებით რამდენიმე ახალ პროექტზეც ისაუბრა.  

"თელავის აეროპორტი აუცილებლად უნდა განვითარდეს.  ვფიქრობთ, ახალქალაქში არსებული აეროდრომიც გავარემონტოთ და დავასრულოთ აეროპორტის მშენებლობაც, რომ ამ მიმართულებით ფრენა იყოს შესაძლებელი. 

ასევე, ვფიქრობთ, ომალოში ავაშენოთ მცირე აეროდრომი, რომელიც აუცილებელი იქნება თუშეთის განვითარებისთვის. თუშეთისკენ მიმავალი გზა უნდა გაუმჯობესდეს, უნდა მოხდეს მისი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, უსაფრთხოების გაუმჯობესება, რათა ტურისტებისთვის უსაფრთხო გახდეს ამ მიმართულებით მგზავრობა და უპირველეს ყოვლისა. 

ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის თუშეთი იყოს ხელმისაწვდომი. ამ გეგმებში ეს ყველაფერი შედის და 2020 წლამდე ეს იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.