თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე პროექტ „ახალი თბილისის“ შესახებ ისაუბრა.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერიის „თბილისის განვითარების ფონდის“ პროექტის მიზანია თბილისის მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, აღდგენა-რესტავრირება და ეკონომიკის სტიმულირება-განვითარება.
თბილისის მერის განცხადებით, პროექტი უზრუნველყოფს მტკვრის ორივე სანაპიროზე დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას და მოწყობას. პირველი ეტაპის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება ღვინის აღმართს, მიმდინარეობს გუდიაშვილის სახელობის მოედნის რესტავრაცია-რეაბილიტაცია 14 მისამართზე, სრულდება ზემო კალის რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს 20-მდე შენობას და 15-მდე ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს.
„რაც მთავარია, დასასრულს უახლოვდება აღმაშენებლის გამზირის სრული რეაბილიტაცია. მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე რესტავრაცია-რეაბილიტაცია 47 ისტორიულ შენობას ჩაუტარდა, რომელთა შორის 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. გარდა ამისა, გამზირის ამ ნაწილში, მთლიანად გამოიცვალა საინჟინრო - საკომუნიკაციო ქსელები. განხორციელდა ისტორიული სადარბაზოების აღდგენა-რესტავრაცია, რაც ასევე, საკმაოდ შრომატევად სამუშაოებს მოიცავს. მიმდინარეობს სარეკრეაციო ზონების მოწყობა და განვითარება. ასევე, იგეგმება აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტირება, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტირება. დასრულდა თუმანიანის მეორე ჩიხი N 3-ში მდებარე შენობის აღდგენა-რეაბილიტაცია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, მერიამ მოსახლეობის თხოვნით და ტურისტული ინფრასტრუქტურის სტიმულირების მიზნით, ძველი თბილისის ქუჩების საფეხმავლო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნულ არეალში 8 ქუჩა საფეხმავლო ზონად მოეწყობა.