„მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში“, სადაც თბილისის მერი დავით ნარმანია 2014-2016 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას გეგმავს, ინციდენტი მოხდა.
„თავისუფალი ზონის წევრები“ - ბესო კალაძე და ირაკლი ქომეთიანი საპრეზენტაციო დარბაზში შევიდნენ და დედაქალაქის მერისგან კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვეს, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მათ დარბაზი დაატოვებინეს.
ბესიკ კალაძის განცხადებით, ვიდრე ქომეთიანთან ერთად დარბაზიდან გაიყვანდნენ, თბილისის მერმა მას ხელი კრა.
„ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და მსურდა მერის დღევანდელ ანგარიშს დავსწრებოდი, რადგან უშუალოდ მისგან მიმეღო პასუხები დედაქალაქში არსებულ საცობებთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რისი საშუალებაც არ მომეცა. მერმა ხელი მკრა, დაცვამ კი დარბაზი დაგვატოვებინა“, - განაცხადა ბესილ კალაძემ, რომელმაც დარბაზიდან გასვლამდე თბილისის მერს შემდეგი რეპლიკით მიმართა: „მაიმუნო ვირიშვილოს“ მეტი არაფერი გისაუბრიათ. რა მდგომარეობაში ჩააგდეთ ქალაქი“. ამასთან, „თავისუფალი ზონის“ წევრები ნარმანიას დაცვას მოუწოდებდნენ, მათთვის „ხელი გაეშვათ“.