საქართველოში არსებობს შესაბამისი გარემო დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, - შესაბამის განცხადებას ავრცელებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომლის დელეგაციაც 13-14 სექტემბერს თბილისში, წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად იყო ჩამოსული.
„დელეგაციას, რომელსაც ემანუელის ზინგერისი ხელმძღვანელობდა, შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად შესაბამისი გარემო არსებობს. დელეგაციამ ნახა პლურალისტული პოლიტიკური და მედიაგარემო და სამუშაო სამართლებრივი ბაზა. მიუხედავად იმისა, რომ დელეგაცია მიიჩნევს, რომ ზოგადი კლიმატი ნაკლებად დაძაბულია წინა არჩევნებთან შედარებით, სხვადასხვა მხარესთან მსჯელობის შემდეგ, დელეგაციამ ჩათვალო საჭიროდ ხაზი გაესვა, რომ ყველა მხარემ უნდა დაგმოს ძალადობრივი კამპანიის ყველა ფორმა და ოპონენტების დევნა, და რომ მათ საჯაროდ უნდა მოუწოდონ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებებისგან, რომელმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს არჩევნების დემოკრატიულ ხასიათს“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ვიზიტის დროს დელეგატებმა მოისმინეს ინფორმაცია „ძალადობის, დაშინების, დევნისა და დაშანტაჟების მიუღებელი აქტების შესახებ, რომელიც მიმართული იყო კანდიდატებისა და ამომრჩევლის წინააღმდეგ“.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ფაქტები, ასევე მუქარები ჟურნალისტების მიმართ უნდა იყოს აღკვეთილი, ხოლო დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე, საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 32 წევრისგან შემდგარი დელეგაცია ჩამოვა.