„თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების იდეა არა პრემიერ-მინისტრს, არამედ მათ ეკუთვნით

„თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების იდეა არა პრემიერ-მინისტრს, არამედ მათ ეკუთვნით

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების იდეა არა პრემიერმინისტრს, არამედ მათ ეკუთვნით.

როგორც დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პარლამენტში რამდენიმე თვის წინ შეიტანა დოკუმენტი, რომელიც წინასაარჩევნო ქცევის კოდექსს ეხებოდა.

მისივე განმარტებით, დოკუმენტს ”ნაციონალური მოძრაობის” გარდა ყველა საპარლამენტო ძალამ მხარი დაუჭირა. 

”რამდენიმე თვის წინ პარლამენტში ჩემს მიერ ინიცირებული იყო დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა წინასაარჩევნო ქცევის კოდექსს, ე.წ. ქცევის წესებს. ეს დოკუმენტი შევიმუშავეთ ევროპარლამენტარებთან კონსულტაციებით. ეს იყო ძალიან მრავლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც შეეხებოდა სიძულვილის ენის არ გამოყენებას, დაპირისპირებაზე უარის თქმას, ორიენტირის გაკეთებას პროგრამებზე, პლატფორმებზე და საკუთარი თავის და აქედან გამომდინარე, ამომრჩევლის პატივისცემას. იმ პერიოდში ამ დოკუმენტს ”ნაციონალური მოძრაობის” გარდა ყველა საპარლამენტო ძალამ მოაწერა ხელი. მე ვფიქრობ, იქ ყველაფერი ნათელია და ახალი ველოსიპედების გამოგონება რა საჭიროა, მე ვერ გავიგე. ამას ელემენტარულად პოლიტიკური ნება სჭირდება”, - განაცხადა დოლიძემ. 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ”თავისუფალი დემოკრატები” არ არის წინააღმდეგი, რომ დოკუმენტს ხელი მოაწეროს. 

”თუ მიიჩნევენ, რომ კიდევ რაღაც დამატებითი დოკუმენტი თავის როლს ითამაშებს და ხელი უნდა მოეწეროს, მე ამის წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ აუცილებლობას ვერ ვხედავ, რადგან ის უკვე არსებობს, ის არის საქმიანი მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადებული დოკუმენტი და ქცევის ნორმები”, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. 

„ქართული ოცნება“ საარჩევნო სუბიექტებს არჩევნების კორექტულ და მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს.