გოდერძი თევზაძის დაცვის მხარე დემურ სტურუას წერილის ალტერნატიულ ექსპერტიზას მოითხოვს

გოდერძი თევზაძის დაცვის მხარე დემურ სტურუას წერილის ალტერნატიულ ექსპერტიზას მოითხოვს

სამტრედიის ყოფილი პოლიციელის, ბრალდებულ გოდერძი თევზაძის ადვოკატები ეჭვობენ, რომ დემურ სტურუას მიერ თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი შესაძლოა მას არ ეკუთვნოდეს. 

როგორც ადვოკატმა აკაკი ჯანელიძემ ”TV პირველის” ეთერში განაცხადა, დაცვის მხარე უახლოეს მომავალში ჩაატარებს წერილის ალტერნატიულ ექსპერტიზას და გაირკვევა, ის რეალურად დემურ სტურუას დაწერილი წერილია თუ არა. 

”არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი უკვე ჩატარებული ექსპერტიზის გარშემო. ექსპერტს დასაბუთებული არ აქვს, თუ რამ მიიყვანა იმ მოსაზრებამდე, რომ აღნიშნული ხელწერილი დაწერილია დემურ სტურუას მიერ. ეჭვი გვაქვს, რომ წერილი დემურ სტურუას მიერ არაა დაწერილი, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ეჭვია და ამის მტკიცებულება ჯერ არ გვაქვს”, - განაცხადა აკაკი ჯანელიძემ. 

ადვოკატის თქმით, მათ ასევე ჩაატარეს ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც გოდერძი თევზაძის უდანაშაულობის დასამტკიცებლად ძალიან ბევრი გარემოება გამოვლინდა. 

”ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით განისაზღვრა დემურ სტურუას გარდაცვალების დრო - ეს არის 2016 წლის 8 აგვისტო, შუადღიდან საღამოს პერიოდში. დემურ სტურუა და გოდერძი თევზაძე კი ერთმანეთს 7 აგვისტოს დაახლოებით 18:00 საათზე შეხვდნენ და ამის შემდეგ მათ არანაირი კავშირი არ ჰქონიათ. ექსპერტიზის დასკვნა ასევე გვაძლევს დადასტურებულ გარემოებას, რომ გოდერძი თევზაძეს არანაირი დაზიანება არ მიუყენებია აწ გარდაცვლილ დემურ სტურუასთავის, რადგან როგორც ექსპერტები განმარტავენ, სტურუასთვის დაზიანებები მიყენებულია სიკვდილის დადგომამდე პერიოდში, რამდენიმე წუთით ადრე. ვინაიდან გოდერძი თევზაძესა და დემურ სტურუას შორის 7 აგვისტოს საღამოს შემდეგ არავითარი კავშირი არ ყოფილა, ხოლო დემურ სტურუა 8 აგვისტოს გარდაიცვალა, შეუძლებელია თევზაძეს მისთვის რაიმე სახის დაზიანებები მიეყენებინა”, - განაცხადა ”TV პირველის” ეთერში გოდერძი თევზაძის ადვოკატმა.