„საქართველოს მზადყოფნის პროგრამის“ ფარგლებში უცხელ პარტნიორებთან ერთად სამი ბატალიონი გაიწვრთნება

„საქართველოს მზადყოფნის პროგრამის“ ფარგლებში უცხელ პარტნიორებთან ერთად სამი ბატალიონი გაიწვრთნება

საქართველოს თავდაცვის განვითარების სტრატეგიის ფართო განხილვები ოქტომბრიდან დაიწყება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით სტრატეგიასთნ დაკავშირებით უწყებებს შორის მოხდა კონსულტაცია, ამის შემდგომ კი ფართო განხილვა დაიწყება, რომელშიც ჩაერთვებიან საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპერტები და ეს სტრატეგია უფრო კონკრეტულ სახეს მიიღებს მაქსიმალური ჩართულობით.

როგორც იზორიამ განმარტა, სტრატეგიული განვითარების გეგმა გაწერილია 4 წელიწადზე და აქვს 5 მიმართულება. „ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ნატოსთან, ნატოს ფარგლებში გვაქვს არსებითი პაკეტი, რომელიც 13 მიმართულებას ითვალისწინებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ის, რომ უნდა მოხდეს ერთობლივი წვრთნების და შეფასების სისტემის მაქსიმალური ხელშეწყობა. ეს უკვე დაწყებულია, შემდეგი ინიციატივაა საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება. ამ ინიციატივის იმპლემენტაციაზე ჩვენთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს საფრანგეთის მხარე. რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, ის უკავშირდება პროგრამას, რომელსაც ეწოდება „საქართველოს მზადყოფნის პროგრამა“. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები, ჩვენი ქვედანაყოფები პრაქტიკულ დონეზე უნდა იყვნენ მზად იმისთვის, რომ შეძლონ საფრთხეების თვითონ შეკავება, შეყოვნება და შეძლონ მაქსიმალური ზიანის მიყენება მტრისთვის. ჩვენ ამ მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში უკვე მომავალი წლიდან ვიწყებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად სამი ბატალიონის მომზადებას, ამისთვის ათეულობით მილიონი ლარი გამოიყოფა, რათა მოხდეს შესაბამისი აღჭურვა, ოპტიმალური პერსონალის შერჩევა და ისეთი წვრთნების შეთავაზება, რომელიც ამ სტრატეგიული მიზნების იმპლემენტაციისთვის იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა იზორიამ.

რაც შეეხება თავდაცვის ბიუჯეტს, იზორიას თქმით, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრა ახლებურად მოხდება. მინისტრის განმარტებით, არ შეიცვლება პარამეტრები, მხოლოდ მოხდება მისი ოპტიმიზაცია.