ირაკლი ღარიბაშვილი დასვეს პრემიერად და ღარიბაშვილი წკიპურტით გააგდეს პრემიერობიდან - რას ქვია ღარიბაშვილთან დავით უსუფაშვილმა წააგო?! - ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას ”რესპუბლიკელთა” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.
”კაცი ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილთან დავით უსუფაშვილმა წააგოო. ღარიბაშვილი დასვეს პრემიერად და ღარიბაშვილი წკიპურტით გააგდეს პრემიერობიდან - რას ქვია ღარიბაშვილთან წააგო ”რესპუბლიკურმა პარტიამ” ან უსუფაშვილმა?! ბიძინა ივანიშვილი ადამიანს ხან ცაში აიყვას, ხან - მოსპობს. ის ღირიბაშვილის მიმართ ჯერ ძალიან კეთილგანწყობილი იყო, მერე არ იყო კეთილგანწყობილი. ერჩოდა ჯანყარიშვილებს და ასე შემდეგ”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” დავით ბერძენიშვილმა.
ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი უფრო ძლიერი ლიდერი და პოლიტიკოსი გამოდგა, ვიდრე დავით უსუფაშვილი. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, დავით უსუფაშვილს პრობლემები ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან და ამიტომ გაუხარდა პრემიერად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნა.
”როდესაც კვირიკაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი და შეუდგა მუშაობას, უსუფაშვილი მისით გახლდათ აღფრთოვანებული, რომ ის ასეთი პრემიერ-მინისტრი იყო. უსუფაშვილს ეგონა, რომ კვირიკაშვილთან უფრო იოლად დაალაგებდა. ღარიბაშვილიც კარგი პრემიერი იყო. ღარიბაშვილმა უსუფაშვილს ყველა ბრძოლა მოუგო - უფრო ძლიერი ლიდერი და ძლიერი პოლიტიკოსი გამოდგა. გამოუცდელი მოვიდა, უსუფაშვილმა მასთან ვერაფერი მოახერხა და, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა კვირიკაშვილის მოსვლა“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.