ჩვენ ბიძინა ივანიშვილი გვერჩის, რადგან მას საკუთარი იმპერიის და სახელმწიფოს საყრდენი სპეცსამსახური ჰგონია, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა იმ მორიგი ბრალდებების შეფასებისას განუცხადა, რომელიც ივანიშვილმა ”რესპუბლიკელთა” მიმართ დღეს კიდევ ერთხელ გააჟღერა.
როგორც ბერძენიშვილმა აღნინა, ის ამ თემაზე დღეს ივანიშვილთან სატელეფონო საუბარს შეეცადა, მაგრამ მან მის ზარებს არ უპასუხა.
”პირველი შემთხვევა, როცა მე ბიძინა ივანიშვილს დავურეკე და მან არ მიპასუხა, იყო დღეს. როდესაც ის კუთხე-კუთხე, კუნჭულ-კუნჭულ დადის და ტყუილების ტირაჟირებით, მოფიქრებით არის დაკავებული, ეს ყველაფერი დაგროვდა. მე ვაპირებდი ივანიშვილთან ლაპარაკს. ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ დროს, სადაც უნდა - გნებავთ ღია ეთერში, გნებავთ ივანიშვილი უსუფაშვილთან, მარტო ივანიშვილი ბერძენიშვილთან, გნებავთ ხუთი კაცი მის მხარეს, ხუთი - ჩვენ, როგორც უნდა... თუ უნდა სარაგბო ნაკრები გამოიყვანოს... დღეს არის ვითარება, როცა ბიძინა ივანიშვილი ძალიან შეშინებული ადამიანის მდგომარეობაში აღმოჩნდა - მას აქვს განცდა, რომ მისი ხელისუფლება სერიოზულად მოყანყალებულია. ამ დროს დგამს არაადეკვატურ ნაბიჯებს”, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის შეტევა ”რესპუბლიკური პარტიისთვის” სასარგებლოა.
”ჩვენს მიმართ შეეჭვებული ჩვენი ყოფილი ამომრჩეველი, კვლავ ჩვენი ამომრჩეველი ხდება, რადგან ივანიშვილი აღიარებით ჩვენებას იძლევა, როცა ლაპარაკობს, რომ კოალიციაში იქცეოდნენ, როგორც ოპოზიციონერებიო. დიახ, ჩვენ ვიქცეოდით კოალიციაში ბევრი დასავლური, დემოკრატიული იდეის გასატანად. ჩვენი დამსახურებაა მაჟორიტარულ ოლქებში 50%-იანი ბარიერი, მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა, ასევე 50%-იანი ბარიერით და ასე შემდეგ. ჩვენ ივანიშვილი გვერჩის, რადგან მას საკუთარი იმპერიისა და სახელმწიფოს საყრდენი სპეცსამსახური ჰგონია. ამიტომ ჰყავს უამრავი ადამიანი სპეცსამსახურიდან. ჩვენ, ”რესპუბლიკლებს” გვგონია, რომ სპეცსამსახურები არსებობენ ადამიანის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, რომ ის მხოლოდ ინსტიტუტია და მეტი არაფერი. ამიტომ დავუპირისპირდით ერთამენთს ”მოსმენების კანონის” მიღების დროს, 2014 წლის შემოდგომაზე”, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.