კასპის მოსახლეობა სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის გარანტი იმისა, რომ სიტყვის თავისუფლება, აზრის გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის ხელშეუხებელი იქნება.
„ მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად 2011 წელს დავიწყეთ. გავერთიანდით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, გავერთიანდით პარტია „ქართული ოცნების“ ირგვლივ და დავიწყეთ ბრძოლა თავისუფლებისთვის, დავიწყეთ ბრძოლა დემოკრატიისთვის. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში, თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არის თავისუფალი. მე მეამაყება, ის, რომ დღეს საქართველოში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები არ იდევნებიან. მეამაყება ის, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს ქვებით და ხელკეტებით არ დასდევენ, როგორც ეს ჩვენ, თითოეულმა თქვენთაგანმა, საკუთარ თავზე ჩვენდა სამწუხაროდ გამოვცადეთ და გამოვიარეთ 2012 წელს. ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ამ მოპოვებულ თავისუფლებას, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბრძოლით, ვერავინ ვერ შეეხება ვერასდროს. ეს არის თითოეული თქვენთაგანის მონაპოვარი, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის მონაპოვარი და პარტია „ქართული ოცნება“ არის გარანტი იმისა, რომ ეს ყოველთვის იქნება ხელშეუხებელი“,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა. კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. „ჩვენ კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც აწუხებს რეგიონში, რაიონში, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს და ზუსტად, ჩვენ ვართ ის ძალა,რომელიც თქვენთან ერთად შეძლებას ამ პრობლემების მოგვარებას“,-აღნიშნა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. „დღეს მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა ქვეყანაში და უფრო ადვილი, უფრო იოლი იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანა უფრო სწრაფად განვავითაროდოდ ეკონომიკურად, წინ წავიდეთ ეკონომიკურად რადგან ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა პირდაპირ კავშირშია თითოეული თქვენთაგანის კეთილდღეობასთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 8 ოქტომბერს აუცილებლად ვიზეიმებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი, ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება პირდაპირ კავშირშია თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობასთან, პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში მშვიდობასთან, კეთილდღეობასთან და რაც მთავარია სტაბილურობასთან. მინა წარმატებები გისურვოთ, მინდა გაგამხნევოთ და მინდა იცოდეთ, რომ თქვენ ამ ბრძოლაში არ ხართ მარტო. თქვენს უკან დგას უზარმაზარი ჯარი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ჯარისკაცები ჰქვია“,-დასძინა პარტიის გენერალურმა მდივანმა.