ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება მიდის წინ და დარწმუნებული ვარ, რომ გაიხსნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გოგლა ჟვანიამ განუცხადა. მან გამოძიების გაჭიანურების ერთ-ერთ მიზეზად პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა და მასთან დაკავშირებული პროცედურები დაასახელა.
”არის შეპირება და გარანტია ხელისუფლების მხრიდან, გარდა ამისა, მაქვს მუდმივი კონტაქტი პროკურატურასთან და ვხედავ, რომ რეალურად ხელისუფლება ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას ცდილობს. პროცესი ახლაც გრძელდება. მიდის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები. ამ პროცესში, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ეტაპზე საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა ხდება. ექსპერტების ჩართვის პროცედურა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ჯერ ხდება ამ ადამიანებთან მოლაპარაკებები, ფორმალური პროცედურები, რაც ხშირად თვეობით ”იწელება”. ჩვენ საქართველოში მიჩვეული ვართ, რომ რაღაც გადაწყვეტილებას მივიღეთ და მას ჩქარა აღვასრულებთ. საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა ცოტა დიდ დროს მოითხოვს, განსაკუთრებით ისეთ რთულ საკითხზე, როგორიცაა პოლიტიკური მნიშვნელობის საქმის გამოძიება - ეს არ არის ერთ-ერთი რიგითი კრიმინალი. ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ეს არის პოლიტიკური მნიშვნელობის გამოძიება და ბუნებრივია, ყველა იჩენს სიფრთხილეს, რაც პროცესს ართულებს”, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ