რუსეთი და აშშ სირიაში სამშვიდობო ზავის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დამატებით 16 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.
მხარეები აღნიშნავენ, რომ სამშვიდობო ზავის ამოქმედების შემდეგ სირიაში ძალადობის დონე საგრძნობლად შემცირდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამშვიდობო შეთანხმებას ამ დროისთვის 616 დასახლებული პუნქტი შეუერთდა.
გეგმის თანახმად, თუ კონფლიქტში ჩართული მხარეები ცეცხლის შეწყვეტის პირობებს 18 სექტემბრამდე შეასრულებენ, აშშ და რუსეთი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ჯაბჰათ ფათაჰ აშ-შამის“ წინააღმდეგ ერთობლივ ოპერაციას დაიწყებენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გენადი გატილოვის ინფორმაციით, ჟენევაში ასევე, მალე რუსულ-ამერიკული ცენტრი ამოქმედდება, რომლის ამოცანაც სირიაში საჰაერო ოპერაციების კოორდინირება იქნება.