დღეიდან უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმება ამოქმედდება

დღეიდან უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმება ამოქმედდება

დღეიდან, 15 სექტემბრიდან უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმება ამოქმედდება. ამის შესახებ კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.

როგორც „დოიჩე ველე“ იტყობინება, საწყის ეტაპზე სამშვიდობო ზავი ერთი კვირის განმავლობაში იმოქმედებს და კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართული სამსაფეხურებიანი გეგმის პირველი ეტაპი გახდება. 

იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტში ჩართული მხრეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელებას ერთი კვირის შემდეგაც შეძლებენ, დაიწყება ნორმანდიულ ფორმატში შეხვედრისთვის მზადება, რომლის ფარგლებშიც უკრაინა დონბასის სპეციალურ სტატუსზე მიიღებს კანონს, უკრაინის აღმოსავლეთიდან კი რუსული ძალების ეტაპობრივი გაყვანა დაიწყება. 

გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დონბასში ჩასვლას დღეს, 15 სექტემბერს გეგმავენ.

ფორმალურად, სამშვიდობო ზავი უკრაინის აღმოსავლეთში 2015 წლის თებერვლიდან მოქმედებს, მიუხედავად ამისა, საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.