საქართველო არის უსაფრთხო და პროგნოზირებადი ქვეყანა, სადაც ბიზნესსაქმიანობის წარმართვა მარტივია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ, მიიღო რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა.
„ამ გეგმის მიზანია მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფა. ქვეყანაში მიმდინარეობს საგადასახადო სისტემის, კაპიტალის ბაზრის, განათლების, ჯანდაცვისა და საპენსიო სისტემის სფეროთა რეფორმები. ყოველივე ეს ხაზს უსვამს მთავრობის მიზანმიმართულობას თანამედროვე, განათლებული, ჯანმრთელი და ერთიანი საზოგადოების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომელიც მზად არის, დაიკავოს თავისი ადგილი გლობალურ ეკონომიკაში და ევროატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების არქიტექტურაში. მსოფლიო ბანკის თანახმად, ბიზნესის წარმოების სიმარტივით საქართველო 24-ე ადგილზეა მსოფლიოში, მე-14 ევროპაში და პირველი რეგიონში. ახლა კი გთავაზობთ საქართველოს, როგორც ახალი საზღვაო ცენტრის, როლის მოკლე მიმოხილვას", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მდებარეობის გათვალისწინებით, საზღვაო ინდუსტრიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რადგანაც საქართველო არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის.
"ჩემი მთავრობის მიზანია საქართველოს გარდაქმნა აყვავებულ სატრანზიტო ქვეყანად, რომელიც წარმატებით უყენებს თავის მდებარეობას, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი. ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის შედეგად, სულ უფრო იზრდება საქართველოს მდებარეობის მნიშვნელობა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გულში. საქართველოს თავისუფალი სავაჭრო კავშირები აძლევს ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას, იყოს წამყვანი რეგიონალური დისტრიბუციის ცენტრი, სადაც არ მოქმედებს ტარიფები. სწორედ ამ თემებს მიეძღვნა შარშან ოქტომბერში თბილისში ჩატარებული აბრეშუმის გზის ფორუმი, რომლის თანაორგანიზატორი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის და რომელსაც დაესწრნენ 34 ქვეყნის წარმომადგენლები”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო ტრანსპორტის ინდუსტრიის უახლესი და ყველაზე უსაფრთხო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, 2012 წლის შემდეგ საქართველოს საზღვაო სექტორში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები.
„ჩვენ ძირფესვიანად შევცვალეთ ჩვენი მეზღვაურების განათლებისა და სერტიფიცირების სისტემა. საქართველომ წარმატებით გაიარა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საზღვაო უსაფრთხოების ევროპული სააგენტოს აუდიტორული შემოწმება. ჩვენი საზღვაო ტონაჟი იზრდება მაღალი ხარისხის გემების ხარჯზე", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, სამომავლოდ საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, რომელიც გულისხმობს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას პანამაქსის ტიპის გემებისთვის.
"ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება გარემოს დაცვა, ოკეანეების ჩათვლით. თავისუფალი საზღვაო ტრანსპორტირება არსებითია გლობალური კეთილდღეობისთვის, მაგრამ სუფთა გარემო, ზღვების ჩათვლით, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ და უზრუნველვყოთ საზღვაო-სატრანსპორტო სტრატეგიებში ჩვენი ზღვებისა და ოკეანეების დაცვის უმაღლესი სტანდარტები დაცვა. ამ ინდუსტრიის წინაშე საკმაოდ რთული არჩევანი დგას, მაგრამ ჩემი აზრით, რომელსაც, გამოვთქვამ იმედს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაც იზიარებს, მომავალი ეკუთვნის ე.წ. მწვანე, ანუ მდგრად საზღვაო ტრანსპორტს. აუცილებელია ემისიის კონტროლის უფრო მკაფიო სტრატეგიების, პორტების მენეჯმენტისა და გემების სათანადო უტილიზაციის უზრუნველყოფა. ამ მიზნების მისაღწევად კი აუცილებელია მნიშვნელოვანი ძალისხმევა თავად ინდუსტრიის მხრიდან, მარეგულირებლებთან, პორტების ადმინისტრაციებთან და საზოგადოებასთან, განსაკუთრებით კი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, რომელიც წარმოადგენს საზღვაო ინდუსტრიის ერთადერთ მარეგულირებელ ორგანიზაციას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.