პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის ხელმძღვანელის პოსტზე სტაბილურ, გაწონასწორებულ პიროვნებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა.
როგორც მანანა კობახიძე აცხადებს, უშიშროების საბჭოს მდივანი საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობით უნდა სარგებლობდეს.
”არ უნდა ისმოდეს გარკვეული კითხვის ნიშნები მის წარსულთან, ზოგადად მის პიროვნებასთან. მე ვისურვებდი, რომ ღირსეული კანდიდატი იქნას შერჩეული ამ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოს ხელმძღვანელად”, - აცხადებს კობახიძე.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამ პოსტზე ვანო მაჭავარიანის კანდიდატურა განიხილება, პარლამენტის ვიცესპიკერი მაჭავარიანის ”ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირზე ამახვილებს ყურადღებას.
” რაც შეეხება ბატონ ვანოს, მას ძალიან მჭიდრო კავშირები აქვს ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”. ამ შემთხვევაში ალბათ უფრო სტაბილურ, გაწონასწორებულ პიროვნებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა”, - აღნიშნა კობახიძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ირინა იმერლიშვილის შემცვლელად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ვანო მაჭავარიანის კანდიდატურას განიხილავს.