საკონსტიტუციო კომისიაზე კვორუმი მხოლოდ ერთხელ შედგა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას არ ესწრებოდა

საკონსტიტუციო კომისიაზე კვორუმი მხოლოდ ერთხელ შედგა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას არ ესწრებოდა

საკონსტიტუციო კომისიამ ვერ იმუშავა, თუმცა კვორუმი მხოლოდ ერთხელ შედგა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას არ ესწრებოდა, - ასე უპასუხა ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ ხმალაძემ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ საკონსტიტუციო კომისიამ 4 წლის მანძილზე არაფერი გააკეთა.

”საკონსტიტუციო კომისიამ ამ ხნის განმავლობაში ვერ იმუშავა. მე გახლდით ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. ჩემი ჯგუფის კომპეტენციაში შემოდიოდა სახელისუფლებო ნაწილი - პარლამენტი, პრეზიდენტი და მთავრობა და ამასთან დაკავშირებული საკითხები. სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომის გარდა, არც ერთ სხდომაზე კვორუმი არ ყოფილა, რომ შემძლებოდა საერთოდ საკითხის კენჭისყრაზე დასმა. კვორუმი არ იყო ძირითადად საპარლამენტო უმრავლესობის გამო, რომლებიც არ ესწრებოდნენ ხოლმე კომისიის სხდომებს. ასეთ ვითარებაში გადაწყვეტილებას კომისია ვერ მიიღებდა”, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში.

მისივე თქმით, ”რესპუბლიკელები” მიჩვეული არიან, რომ ”კომეტა რომ დაეჯახოს რომელიმე პლანეტას, ესეც რესპუბლიკელების ბრალი იქნება”.

”ერთი წლის წინ შევიტანე საკონსტიტუციო კომისიაში ცვლილებების პროექტი, სადაც წერია, რომ პრეზიდენტი აირჩევა არაპირდაპირი წესით, ამრჩევთა კოლეგიის მიერ, რომელიც შედგება პაერლამენტის წევრებისა და ერთი ამდენი რეგიონებიდან არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოების წარმომადგენლების მიერ, 300 კაციანი ამრჩევთა კოლეგიის მიერ, ან მეორე ვარიანტი, როცა მხოლოდ პარლამენტი ირჩევს. ახლა თქმა იმისა, რომ ”რესპუბლიკელებმა” შეუშალეს ხელი ცვლილებების შეტანას, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. 2013 წლის დასაწყისში ერთ-ერთ ინტერვიუში აღვნიშნე, რომ პრეზიდენტის არჩევნები არ უნდა ყოფილიყო პირდაპირი, რადგან ეს არ შეესაბამებოდა საპარლამენტო რესპუბლიკის კლასიკურ მოდელს, ამას ისეთი რეაქცია მოჰყვა - ატყდა კივილ-წივილი, უმრავლესობის წევრებისგან, ამის წინააღმდეგი იყო ბატონი ივანიშვილიც”, - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.