საქართველოს წინაშე დღეს საფრთხეებით სავსე გამოწვევები დგას და ამ გამოწვევების გასამკლავებლად ილიამ მოგვცა ყველაზე კარგი წამალი - ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუხალისოთ, ამისთვის ღონე-ღონეს გადავაბათ, მხარი-მხარს მივცეთ და ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ. ამაზე დიდი სიტყვები არავის არ უთქვამს საქართველოს ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეს საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.
„დღეს ილია მართლის დაბადების დღეა, ილიას მარადიული სიცოცხლის დასაწყისი. ეს დღეს არის უმნიშვნელოვანესი ქართველი ერის ცხოვრებაში, დღეს მოკლეს, მაგრამ ვერ მოკლეს ილია, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მარადიულობა. დღეს საქართველომ კიდევ ერთი მწარე გაკვეთილი მიიღო და ჩვენი ისტორია ხომ საკუთარ შეცდომებზე სწავლის და ვერსწავლის ისტორიაა. ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ გაცილებით უფრო დიდი სიმძაფრით და სიმწრით დგება ამ გაკვეთილის მნიშვნელობა. ვაჟა-ფშაველამ თქვა, ილიას მკვლელებს რომ შეძლებოდათ საქართველოს მოკლავდნენო, მაგრამ ვერ მოკლეს. ვერც ილია მოკლეს და ვერც საქართველო მოკლეს, რადგან ილიაც მარადიულია და საქართველოც მარადიულია. ამ სიკვდილმა ქართველი ერი გამოაფხიზლა, ქართველი ერის განვითარების ვექტორი გაამყარა და ქართველი ერის ზნეობა განამტკიცა. ილიამ ამისთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მთელი მისი ცხოვრება, მთელი მისი მოღვაწეობა, მწერლობა, საზოგადო მოღვაწეობა ხომ ამას ეძღვნებოდა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ილია ჭავჭავაძე ყველაზე კარგად ასახავდა საკუთარ თავში საქართველოს ჰარმონიას ევროპასთან.
„ილიას ყველა სიტყვაში არის დასავლეთთან საქართველოს ერთიანობის იდეა. საქართველოს დამოუკიდებლობა არავის არ უგრძნობინებია ქართველებისთვის ისე, როგორც ეს ილიამ გააკეთა და ნამდვილად სიტყვები, რომელიც ილიამ წარმოსთქვა არის ყველაზე აქტუალური დღეს, როდესაც საქართველოს წინაშე ახალი გამოწვევები დგას. საქართველოს წინაშე დღეს საფრთხეებით სავსე გამოწვევები დგას და ამ გამოწვევების გასამკლავებლად ილიამ მოგვცა ყველაზე კარგი წამალი. ილიამ ბრძანა, ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუხალისოთ, ამისთვის ღონე-ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ და ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ. ამაზე დიდი სიტყვები არავის არ უთქვამს საქართველოს ისტორიაში. ამაში დევს საქართველოს განვითარების ვექტორიც, საქართველოს სიძლიერეც და ქართული გენის გადარჩენის ფორმულაც. მე ვერაფერს ვერ დავამატებ ამ სიტყვებს, ერთადერთი რაც მინდა ვთქვა, რომ ღმერთმა ქნას, ღირსი გაგვხადოს ამ სიტყვების, ღმერთმა ქნას, რომ ყველა ჩვენი ნაბიჯი, ყველა ჩვენი ქმედება, ამ სულისკვეთებით ყოფილიყოს ნაკარნახევი. გილოცავთ ილია მართლის დაბადებას“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.