ცალკეული ადამიანებისგან ნუ შევქმნით ოდიოზურ ფიგურებს, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა წევრმა, გია ვოლსკიმ უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ირინა იმერლიშვილის შემცვლელად ვანო მაჭავარიანის კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს მდივანი უნდა იყოს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი და არა ზოგადად მოსაუბრე.
”ეს ადამიანი უნდა იყოს მცოდნე, ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების და არა ზოგადად მოსაუბრე. უნდა იყოს იურიდიულ, სამართლებრივ საკითხებში გარკვეული და უნდა შეეძლოს კადრების დაკომპლექტება. ვანო მაჭავარიანს მე მთავარი დაპირისპირების საგნების პირველ ხუთეულში ვერ წავწევდი, თუ ეს ხუთეული საერთოდ არსებობს. ასე რომ ცალკეული ადამიანებისგან ნუ შევქმნით ოდიოზურ ფიგურებს”, - განაცხადა ვოლსკიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ირინა იმერლიშვილის შემცვლელად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ვანო მაჭავარიანის კანდიდატურას განიხილავს.