"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო შტაბის უფროსი, კახა კალაძე ფიქრობს, რომ მისი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა.
კალაძემ ქუთაისში, საუნივერსიტეტო ქალაქის საძირკველის ჩაყრის საზეიმო ცერემონიის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას, პირობა დადო, რომ "ქართული ოცნება" არ დაუშვებს, ეს თავისუფლება ვინმემ ხელყოს.
"ჩვენი მთავარი მონაპოვარი, ეს არის თავისუფლება. ჩვენ, ყველამ ერთად, გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად, ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა ყველაზე მნიშნელოვანი, ღირსეული - თავისუფლება. გაძლევთ პირობას, რომ ვერავინ გაბედავს, არასდროს დაბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში ისეთი მთავრობები, ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც შეეხებიან ამ ძვირად მოპოვებულ თავისუფლებას. ვერავინ გაბედავს, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დაიჩაგროს, შეურაცხყოფა მიაყენონ, განსხვავებული აზრის, პოლიტიკური შეხედულების გამო. ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს. არასდროს დავაბრუნებთ იმას, რომ ქვებით, ხელკეტებით დასდევდნენ განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს, იყოს პოლიციური რეპრესიები და ა.შ. ეს ყველაფერი არის წარსული", - აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი არის საქართველოს მოსახლეობის დამსახურება "ქართული ოცნების" გუნდთან ერთად.
"კარგად გვახსოვს, ბევრი დრო არ გასულა, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული ადამიანების მიმართ. ნამდვილად არ დავუშვებთ, ასეთი დრო დაბრუდნეს ქვეყანაში, პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოება გავაერთიანოთ. უფრო მეტი სიყვარული იყოს, კეთილშობილება, ურთიერთპატივისცემა. მერე რა, რომ არსებობს განსხვავებული აზრი, ეს უნდა იყოს. თუ ყველას ერთნაირი შეხედულებები გვექნება ყველაფერზე, ერთნაირი გემოვნება, წარმოუდგენელი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარება. ამიტომ, ნორმალურად უნდა მივიღოთ განსხვავებული აზრი და დავასრულოთ ურთიერთდაპირისპირებები, ერთმანეთის ჭამა. საზოგადოებაც დაიღალა ამ ყველაფრისგან. ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ. მოვახერხებთ იმას, რომ პოლიტიკური ცხოვრება ახალ, თანამედროვე საფეხურზე გადავიყვანოთ, სადაც იქნება უფრო მეტი კონსტრუქციულობა, მეტი თანამედროვეობა, და რაც მთავარია და მნიშვნელოვანია, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. ეს ჭირდება დღეს ჩვენს საზოგადოებას, ქვეყნის მოსახლეობას", - აღნიშნა კალაძემ.