"საყოველთაო დაზღვევა მომავალშიც გაგრძელდება, კიდევ უფრო დაიხვეწება და ხელმისაწვდომი გახდება"

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო შტაბის უფროსმა, კახა კალაძემ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის საძირკველის ჩაყრისას, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კალაძემ აღნიშნა, რომ ბედნიერია, რომ მსგავსი უნივერსიტეტი შენდება ქუთაისში.

"დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მე, როგორც იმერელი, ამ რეგიონის შვილი, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან თქვენს ქალაქში, ქუთაისში, დღეს საფუძველი ჩაეყარა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. დაახლოებით, 1 მილიარდი დაიხარჯება მისთვის. ეს იქნება 60 ათას სტუდენტზე გათვლილი. საერთაშორისო სტანდარტების მქონე. 140 ჰექტარი ტერიტორია იქნება გამოყენებული, რომელიც "ფონდი ქართუსა" და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდება", - განაცხადა კალაძემ.

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსმა პარტიის განვლილ წლებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

"ძალიან რთული წლები გამოვიარეთ. ბევრი სირთულე იყო, მაგრამ ღირსეულად გამოვიარეთ, თავაწეულები მოვდივართ. ძალიან მნიშნელოვანი, ბევრი პროექტი განხორციელდა. ბევრი რეფორმა წამოვიწყეთ. ყველას კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ჯანდაცვის მიმართულებით, რა მდგომარეობა იყო და რა არის დღეს. მემაყება, რომ ჯანდაცვა დღეს, თოთოეული ჩვენგანისთვის ხელშესახებია. თოთოეული საქართველოს მოქალაქე არის დაზღვეული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის, საავამდყოფოს მომსახურება უფასოა. მილიონობით გადაუდებელი, მძიმე ოპერაცია გაკეთდა ამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე. საყოველთაო დაზღვევა მომავალშიც გაგრძელდება, კიდევ უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება", - აღნიშნა კალაძემ.