თბილისში ლევან გოთუას სახელობის სკვერი გაიხსნა

თბილისში ლევან გოთუას სახელობის სკვერი გაიხსნა

თბილისში კიდევ ერთი კომფორტული დასასვენებელი ადგილი - ლევან გოთუას სახელობის სკვერი მოეწყო. გოთუას ქუჩაზე, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახელობის სკვერის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, ლევან გოთუას ოჯახის წევრები და ახლობლები, მწერლები და მერიის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. 

დავით ნარმანიამ  შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ადგილობრივ მოსახლეობას აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამ ადგილზე  ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები და მოეწყო სივრცე, სადაც ყველა ასაკის და კატეგორიის ადამიანს შეუძლია გაერთოს, ისეირნოს, ივარჯიშოს და, შესაბამისად, უფრო კმაყოფილი დაბრუნდეს სახლში. თანამედროვე საპარკე ავეჯის დამონტაჟებისა  და გამწვანების საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების გარდა, სკვერში გაკეთდა სპეციალური სავარჯიშო კუთხეც, რომელიც  ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და ჯანსაღი თაობის აღზრდას ემსახურება. წელს  თბილისის მერიამ 10 მასშტაბური სკვერისა და მოედნის  რეკონსტრუქცია განახორციელა, რაიონული გამგეობების მეშვეობით კი, თბილისის სხვადასხვა რაიონში, შედარებით მცირე ზომის სკვერები კეთილმოეწყო“- განაცხადა დავით ნარმანიამ

სკვერში  დაიდგა მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილის ავტორობით შექმნილი მწერლის  მონუმენტი, რომელიც ლევან გოთუას  ოჯახმა სკვერს საჩუქრად გადასცა.

1974 წელს გაშენებული სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დედაქალაქის მერიის ინიციატივით,  ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა მიმდინარე წლის ზაფხულში განახორციელა.   

რეკონსტრუქციის ფარგლებში, სკვერში მოეწყო თანამედროვე საპარკე ფურნიტურა და საბავშვო მოედანი, დაიდგა კომფორტული დასასვენებელი სკამები, დამონტაჟდა დეკორატიული სანათები, მოიკირწყლა საფეხმავლო ბილიკები. სკვერის ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარითა და ბუჩქით გამწვანდა.  სკვერის მთელ ტერიტორიაზე მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები. განახლებული სკვერის გარშემო დეკორატიული ღობე მოეწყო.

სკვერის რეკონსტრუქციისთვის ბიუჯეტიდან 186 000 ლარი გამოიყო.