ივანიშვილმა აღიარა, რომ

ივანიშვილმა აღიარა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" ის ძლიერი ძალაა, რომელსაც ქვეყნის გაძღოლა შეუძლია

ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი წარსულია, ამიტომ მის შეფასებებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.

მისი თქმით, ”თავისუფალი დემოკრატების” და სხვა პარტიების მუდმივი კრიტიკით ის საკუთარ პოლიტიკურ ძალას - ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ეხმარება.

”ის ამ გზით ალბათ ეხმარება საკუთარ პოლიტიკურ ძალას. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. ჩვენ მომავალზე ვართ ორიენტირებული. ამ არჩევნებში გამარჯვებით გვინდა დავიწყოთ უკეთესი საქართველოს მშენებლობა. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი წარსულია, ამიტომ მის შეფასებებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ”, - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, ფაქტი ერთია - ივანიშვილმა აღიარა, რომ ”თავისუფალი დემოკრატები” ძლიერი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ამ ქვეყნის გაძღოლა და უკეთესი მომავლის შექმნა შეუძლია.

”სამწუხაროდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გარკვეულწილად ჭორაობს და ამ ჭორაობით ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს. მას ეს არ გამოუვიდა ადრე და არ გამოუვა ახლაც. ”თავისუფალი დემოკრატები” ვართ ძლიერი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი. ჩვენ გვაერთიანებს იდეები და მიზნები და შევქმნით უკეთეს მომავალს ჩვენი ხალხისთვის. თუ შეცდომაზეა საუბარი, მართლაც უდიდესი შეცდომა და შავი ლაქა ივანიშვილს და ღარიბაშვილს აქვთ, რომ მათ ჩემთან ბრძოლაში დააზიანეს საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა და ჩემთან ბრძოლაში 5 უდანაშაულო ადამიანი გაუშვეს ციხეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი დაინახავს, თუ რომელი პოლიტიკური ძალაა ერთგული პრინციპების და რომელმა დაკარგა სახე”, - აღნიშნა ალასანიამ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” შემავალი ძალებიდან, ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” შემდეგ „თავისუფალ დემოკრატებს“ გამოარჩევდა.

როგორც ივანიშვილმა ქუთაისში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, მისი დამოკიდებულება განაპირობა ”თავისუფალი დემოკრატების” გუნდმა, რომელიც ირაკლი ალასანიას შეცდომებს წინ აღუდგა.

”თუ არა „ქართული ოცნება“, მეორე არჩევანი არის კოალიციის წევრები. კოალიციის წევრებიდან თუ ადრე პირველს ”რესპუბლიკელებს” დავასახელებდი, ახლა ”თავისუფალ დემოკრატებს” დავასახელებ. პირველ რიგში, ორივეს დავასახელებდი იმიტომ, რომ მათთან არ არის კითხვა ჩვენი ქვეყნის ორიენტაციაზე”, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ალასანიამ დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა.

”პარტიაში შეინიშნება ზედმეტი დომინანტობა ლიდერის და ამ პროცესმა ცუდად იმუშავა. თავიდან, ალასანიას შეცდომები თავისუფლად გაიზიარა გუნდმა და ნაცვლად იმისა, რომ ალასანიას მოეხერხებინა, ყოფნოდა კაცობა და ვაჟკაცობა საკუთარ შეცდომებზე გუნდი არ წაეყვანა, თვითონ მოიქცა არასწორად. ამის შემდგომ გუნდის წევრებმა მოახერხეს გარდაქმნა. თვითონ გუნდის წევრები მაწვდიდნენ ხმას. მას უფრო ბევრი შეცდომის დაშვება შეეძლო, თუმცა გუნდმა ამის საშუალება არ მისცა. ამ მხრივ, დღეს ”დემოკრატები” უფრო ჯანსაღად გამოიყურებიან. მთელი გუნდი ლიდერის შეცდომებს წინ დაუდგა და აღარ გადაყვნენ ალასანიას შემდგომ შეცდომებს”, - განაცხადა ივანიშვილმა, რომელმაც განმარტა, რომ ”თავისუფალი დემოკრატების” წევრებთან პირდაპირი კონტაქტი არ აქვს.

”თუმცა, მომდიოდა გარკვეული ინფორმაციები. ბოკერიასთან მეგობრობაც კარგად იკვეთებოდა”, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.