ბათუმის პორტის აკვატორიაში ამორტიზებული სანავიგაციო ნიშნები შეიცვალა

ბათუმის პორტის აკვატორიაში ამორტიზებული სანავიგაციო ნიშნები შეიცვალა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურმა“ სანავიგაციო ნიშნების მონიტორინგის ფარგლებში ბათუმის  პორტის აკვატორიაში გემების საღუზე ადგილების  მიმანიშნებელი ამორტიზებული 3 სანავიგაციო ნიშანი (სარყე), საქართველოში წარმოებული  ახალი ერთეულებით  ჩაანაცვლა.

რთული მეტეოროლოგიური პირობები (ძლიერი შტორმი)  ხშირად  იწვევს  ზღვაში განთავსებული  სანავიგაციო ნიშნების ამორტიზებას,  საშტატო ადგილებიდან მათ მოწყვეტას  და ღია ზღვაში გადაადგილებას, რაც საზღვაო ინცინდენტების შექმნის ალბათობას ზრდის.

საქართველოს საზღვაო სივრცეში მცურავი გემებისთვის  უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად და საზღვაო ინცინდენტების თავიდან აცილების  მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის ჯგუფი   სისტემატურად ახორციელებს მცურავი და სახმელეთო   სანავიგაციო ნიშნების  კონტროლს და  პერმანენტულად ატარებს გეგმიურ  პროფილაქტიკურ სამუშაოებს.