ბიძინა ივანიშვილი:   დიმიტრი ხუნდაძე ჩემი ფავორიტია

ბიძინა ივანიშვილი: დიმიტრი ხუნდაძე ჩემი ფავორიტია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მან „ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დიმიტრი ხუნდაძეს ბოდიში მოუხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, დიმიტრი ხუნდაძე მისი ფავორიტია. 

„განმარტება მინდა გავაკეთო სამეგრელოში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელშიც კითხვაშივე იყო ცდომილება, როდესაც მან მკითხა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრებზე, რომლებიც გადმოვიდნენ და „ქართული ოცნების“ წევრები არიან, მათ შორის ოქრიაშვილზე და ცეზარ ჩოჩელზე. სხვათა შორის, გვარებს ცუდად ვიმახსოვრებ, გადაცდომა მომივიდა, ჟურნალისტის გადაცდომას გადავყევი, როდესაც ვთქვი, რომ ისინი მაჟორიტარები გადმოვიდნენ, თავისი თავი თვითონ შექმნეს და ასე შემდგომ. ამ დროს სულ არ ყოფილა ჩოჩელი იმ სიაში, ვინც პარლამენტში იყვნენ. მოგეხსენებათ, დეპუტატების ჯგუფი იყო, ვინც პარლამენტში შევიდნენ „ნაციონალურ მოძრაობის“ დროს და მაშინვე, როგორც კი დამთავრდა არჩევნები გადმოვიდნენ „ქართული ოცნების“ მხარეს. ჩოჩელი ჟურნალისტის კითხვაშივე ისმოდა, ჩოჩელი არ ყოფილა იმ ჯგუფში, გადაცდომა მომივიდა. ჩოჩელი ყოფილა გუბერნატორი და საერთოდ არ ვიცნობ, ზედმეტი დახასიათება გამომივიდა. რაზეც მძიმე საყვედური მივიღე მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატიდან, დიმიტრი ხუნდაძესგან. ბოდიშიც მოვუხადე, მართლაც შემეშალა. დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მეომარი, რომელიც საოცრად არაორდინალურად ჩაერთო ჩვენს გუნდში. მახსოვს, როდესაც მოვედი პოლიტიკაში, 2011 წელს, დიმიტრი ხუნდაძე გახლდათ ჩემი ოჯახის ექიმი, სხვათა შორის ძალიან კვალიფიციური ექიმია, სამწუხაროდ, ექიმობას ვეღარ ახერხებს და მას რჩევებს ვეკითხებოდი”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დიმიტრი ხუნდაძე პოლიტიკაში მისი თხოვნით შევიდა და ძალიან სწრაფად განვითარდა ამ სფეროში.

„მცხეთაში რამდენჯერმე ვერ მოვახერხეთ კანდიდატის შერჩევა, ვისზეც გავაკეთეთ აქცენტი ჩაგვეშალა, მერე მეორე შეგვეშალა, მესამე და სულ მეხმარებოდა ამ პროცესში, რაღაც დროს დავრჩით ასე, აღარ გვყავდა კანდიდატი. ასე შევხედე დიმიტრის, ხომ არ წახვალ მეთქი და უი, რას ამბობს ბატონო ბიძინა, არასდროს პოლიტიკაზე არ მიფიქრია. აი, ასეთი კაცია, ასე დავითანხმე, ასე შემოვიდა. ძალიან სწრაფად გადაეწყო, ნიჭიერი კაცია. მე და დიმიტრი ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტებთან შეხვედრას, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, არ დაგიმალავთ, კამერას რომ დავინახავდი შაქარი მიწევდა, იმდენად მერიდებოდა. ასეთი იყო დიმიტრი ხუნდაძეც, ძალიან მოწესრიგებული პიროვნება, ძალიან წესიერი კაცი. გამოვიდა ისე, რომ ჩოჩელს დაუყენებია დამოუკიდებელ კანდიდატად მცხეთაში და მე ის გუნდის წევრად დავასახელე. ავურიე გოჩა ენუქიძეში, გოჩა ენუქიძე გახლავთ იმ ჯგუფიდან, არის მაჟორიტარობის კანდიდატია, მე მას შენახვედრი ვარ, ძალიან სიმპათიური კაცია, ასეთი გადაცდომა მომივიდა და ამის გასწორება მომინდა”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დიმიტრი ხუნდაძე არის საოცრად პროფესიონალი და „ქართული ოცნების“ ღირსეული წევრი.

„კიდევ ერთხელ, თუ გვისმენენ მცხეთიდან და ამ რეგიონიდან, დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი საყვარელი კაცი, ძალიან საოცარი პროფესიონალი, კარგად მოვიდა პოლიტიკაში, მაგარი მეომარი კაცია, ის არის „ქართული ოცნების“ ღირსეული წევრი და მას უნდა დაუჭიროთ მხარი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.