ქუთაისმა თავისი ისტორიული მნიშვნელობა უნდა დაიბრუნოს და აღორძინდეს

ქუთაისმა თავისი ისტორიული მნიშვნელობა უნდა დაიბრუნოს და აღორძინდეს

ნაცვლად ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა, ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდება, სადაც ერთ-ერთი შემადგენელი  ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება,- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს გაცილებით მასშტაბური პროექტია, რომელიც ქუთაისი იმისთვის შეირჩა რათა მას ძველი ისტორიული მნიშვნელობა დაუბრუნდეს.

“ჯერ კიდევ 10 წლის წინ მქონდა ეს იდეა, არაა მარტივი ეს პროექტი. 2006 წელს თბილისში ვაპირებდით აშენებას. ამას თავისი ისტორია აქვს, დღეს გემოვნება გაგვეზარდა და საუნივერსიტეტო ქალაქი შენდება და არა მხოლოდ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება შემადგენელი ნაწილი. 60 000 სტუდენტზე გათვლილი იქნება, უნიკალური და დასავლურ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ასევე საზღვარგარეთიდანაც ჩამოვლენ სტუდენტები. მთავარია, სტანდარტები დავაკმაყოფილოთ. აქ დამთავრებულმა სტუდენტმა საზღვარგარეთაც უნდა შეძლოს მუშაობა. თბილისის სამეცნიერო ცენტრი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დავაფუძნეთ, მეგაპროექტი დავარქვით. რამდენიმე მეცნიერებისთვის ექსპერიმენტული იქნება, ერთმანეთს სჭირდება ეს ორი პროექტი. ბევრი მეცნიერი უნდა აღვზარდოთ, საზღვარგარეთიდანაც დაგვჭირდება მოწვევა, ბევრი პროფესორ-მასწავლებელი გვყავს თბილისიდანაც, რომლებიც დასაქმდებიან. ქუთაისმა თავისი ისტორიული მნიშვნელობა უნდა დაიბრუნოს და აღორძინდეს“,-განაცხადა ივანიშვილმა.