საუნივესტიტეტო ქალაქი ქუთაისელებისა და რეგიონის მცხოვრებლებისთვის დასაქმების დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს

საუნივესტიტეტო ქალაქი ქუთაისელებისა და რეგიონის მცხოვრებლებისთვის დასაქმების დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს

ქუთაისში საუნივესტიტეტო ქალაქის აშენება, ქუთაისელებისთვის და ამ რეგიონის მოსახლეობისთვის დასაქმების დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქისთვის საფუძვლის ჩაყრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საუნივერსიტეტო ქალაქში სწავლება იქნება ყველაზე მოთხოვნად და აქტუალურ მიმართულებებზე.

“ყველაფერი გაკეთდება ისე, რომ ეს ულამაზესი ბუნება აბსოლუტურად იქნება შენარჩუნებული. გამოყენებული იქნება მაღალი ეკოლოგიური სტანდარტები, განახლებადი ენერგიების სისტემები, „მწვანე ტექნოლოგიები“. აქ იქნება სწავლება ყველაზე მოთხოვნად და აქტუალურ მიმართულებებზე. უნივერსიტეტის მთავარი პროფილი ტექნოლოგიური და ტექნიკური მეცნიერებები იქნება - აქ ისწავლება სხვადასხვა დარგის ინჟინერია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აგრომიმართულებები, მეცნიერების სხვადასხვა დარგის მიჯნაზე მყოფი ინტერდისციპლინური პროგრამები. მსოფლიო დღეს უკვე განიცდის ამ სპეციალისტების ნაკლებობას და საქართველოს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ღირსეული კონკურენცია გაუწიოს განვითარებულ სახელმწიფოებს მაღალკვალიფიციური კადრებით. დარწმუნებული ვარ, ეს უცხოელ ინვესტორებს გაუჩენს ინტერესს, რომ სწორედ საქართველოში განახორციელონ მაღალტექნოლოგიური პროექტები. ამავე დროს, უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება სხვა განხრის სპეციალობების შესწავლაც, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის სწრაფი და თანამიმდევრული განვითარებისათვის”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, უახლესი ინფრასტრუქტურა, უმაღლესი კვალიფიკაციის ქართველი და უცხოელი პროფესორ–მასწავლებლები, თანამედროვე სასწავლო და კვლევითი პროგრამები, მსოფლიოს წამყვან უნივერისტეტებთან ერთობლივი სასწავლო პროგრამები და ერთობლივი კვლევები უნიკალურ შესაძლებლობებს მისცემს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს.

„უნივერსიტეტს ამ უმნიშვნელოვანესი მისიის განხორციელებაში გვერდით დაუდგებიან ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, იაპონიის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტები. ბევრ მათგანთან უკვე დაწყებულია ინტენსიური თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, აქ შეიქმნება ისეთი გარემო, როგორიც სახელგანთქმულ ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებშია, რაც მათ მსოფლიო ლიდერებად აქცევს. ასეთი დონის საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელ სტუდენტებზეც იქნება გათვლილი, უცხოელი სტუდენტებიც მოისურვებენ განათლების მიღებას. საქართველოში ამჟამადაც ბევრი უცხოელი სწავლობს. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა, რის საშუალებასაც გვაძლევს უსაფრთხო გარემო, ჩვენი სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ცხოვრების მაღალი დონე და ამავე დროს სწავლის შედარებით დაბალი საფასური”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუნივერსიტეტო ქალაქი გამორჩეული იქნება თავისი პოტენციალით და რეგიონალური მნიშვნელობის საგანმანათლებლო ჰაბად იქცევა.

„საუნივერსიტეტო ქალაქის დაარსება სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების სახელმწიფო ხედვასთან. დღეს მთავრობა უკვე მუშაობს, რათა განათლების სისტემა გავხადოთ თანამედროვეობას მორგებული, ეკონომიკის საჭიროებებზე ორიენტირებული, სრულად გამოვიყენოთ და სწორად მივმართოთ ადამიანური რესურსები ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობისათვის. მოგეხსნებათ, რომ მსოფლიოში დღეს უკვე ტენდენციად იქცა საუნივერსიტეტო ქალაქებში ბიზნესინკუბატორების, ინოვაციური პარკების, სტარტაპ-კომპანიების ჩამოყალიბება და განვითარება. ბევრი გამოგონება და წარმატებული ბიზნესი სწორედ უნივერსიტეტების წიაღში იბადება და ვითარდება. იცით, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ სტარტაპების პროექტების სახელმწიფო დაფინანსება, ქართველი მეწარმეებისა და ახალგაზრდა ინოვატორების ხელშეწყობა და, დარწმუნებული ვარ, რომ ამ უნივერისტეტშიც ბევრი საინტერესო პროექტი დაიბადება. გარდა უზარმაზარი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ფუნქციისა, საუნივერსიტეტო ქალაქი თავად ქუთაისის განვითარებაშიც შეიტანს უზარმაზარ წვლილს. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს ის პოზიციები, რომლებიც მას ტრადიციულად ჰქონდა. ეს იყო ინდუსტრიული ქალაქი, სადაც მუშაობდნენ საუკეთესო ინჟინრები, ტექნოლოგები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. მე მჯერა, რომ ამაში საუნივერსიტეტო ქალაქი გადამწყვეტ სიტყვას იტყვის. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელება ქუთაისელებისთვის და ამ რეგიონის მოსახლეობისთვის დასაქმების დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ბევრი ადგილობრივი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის პროცეში დასაქმდება.

„როდესაც საუნივერსიტეტო ქალაქი დაიწყებს ფუნქციონირებას, საჭირო გახდება სათანადო კადრები და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილებიც გაჩნდება. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი და თბილისის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი - ეს ორი უდიდესი პროექტი ერთად, სერიოზულ ბიძგს მისცემს ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლებისადა მეცნიერების განვითარებას. მინდა გითხრათ, რომ ორივე ამ გრანდიოზული პროექტის ღირებულება ერთი მილიარდი ევრო გახლავთ და მას მთლიანად აფინანსებს ფონდი “ქართუ". მთელ ციკლს, საუნივერსიტეტო ქალაქის დაპროექტებიდან და მშენებლობიდან დაწყებული, მისი აღჭურვითა და ფუნქციონირებით დამთავრებული, უზრუნველყოფს ფონდი ,,ქართუ". და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება, სანამ უნივერსიტეტს და სახელმწიფოს არ ექნება საკმარისი რესურსი, რათა საკუთარი ძალებით შეინახონ საუნივერსიტეტო კომპლექსი”, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა ისტორიული პროექტებისთვის და აღნიშნა, რომ ეს პროექტები მთლიანად შეცვლის განათლების სისტემას.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილი მხრიდან ძალიან დიდი საჩუქარი ქართველი ხალხისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის ჩადებული ინვესტიცია, რომელიც ათმაგად, ასმაგად დაგვიბრუნდება ყველას, მთელ საქართველოს”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.