საკონსტიტუციო სასამართლომ შეძლო დაემტკიცებინა, რომ შეუძლია დაიცვას დამოუკიდებლობა

საკონსტიტუციო სასამართლომ შეძლო დაემტკიცებინა, რომ შეუძლია დაიცვას დამოუკიდებლობა

საკონსტიტუციო სასამართლომ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მიუხედავად კონფლიქტური სიტუაციებისა სახელმწიფოს სხვადასხვა შტოებს შორის, მას შეუძლია დაიცვას დამოუკიდებლობა და პრინციპები და გააგრძელოს ამ კუთხით საქმიანობა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი პაპუაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის მეორე სამუშაო დღესაც აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა გრძელდება. „კონფერენცია კვლავ გრძელდება, აქტუალურ საკითხებზე მიდის მსჯელობა. ასევე მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო ინსტიტუციებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პრეზიდენტმა აღნიშნეს თუ რა დიდ როლს თამაშობს საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მიუხედავად კონფლიქტური სიტუაციებისა სახელმწიფოს სხვადასხვა შტოებს შორის, მას შეუძლია დაიცვას დამოუკიდებლობა და პრინციპები და გააგრძელოს ამ კუთხით საქმიანობა“ , - აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეძლებს თუ ვერა 30 სექტემბრამდე პლენუმი შეკრებას, გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ისინი ყოველდღე მუშაობენ და ხელფასსაც“ იღებენ. „ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ, ხელფასსაც ამიტომ ვიღებთ, რომ სამსახურში უნდა დავდიოდეთ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და ხანდახან შაბათ-კვირასაც, თუ ამის აუცილებლობაა“, - აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარსებიდან 20 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გამართა, თემაზე „კონსტიტუციური მართლმსაჯულება გარდამავალ დემოკრატიაში: კონსტიტუციური კონტროლის მიღწევები და გამოწვევები საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში“. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის, საქართველოსა და ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და წევრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენცია გაიმართა ევროკავშირის პროექტის „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერის“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მხარდაჭერით. კონფერენცია გუშინ დასრულდა.