თუ პრეზიდენტის კრიტიკა სასარგებლო საქმედ ითვლება, „ოცნების“ იდეების კრიტიკა რატომ არის ანტისახელმწიფოებრივი?! - ამის შესახებ ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ თინა ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსს“ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე საპასუხოდ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურში განუცხადა, სადაც იგი მოსახლეობას შეხვდა.
„პირველ რიგში, დიდი მადლობა ბატონ ბიძინას ამ გულწრფელობისთვის. იმედი მაქვს, ამის შემდეგ მაინც დასრულდება ქილიკი თემაზე. ასე ვიყავით 4 წელი. ვფიქრობ, დღეს მაინც ნათელია, რომ არც ერთი დღე ჩვენი პრინციპებისთვის არ გვიღალატია და დიახ, არა მხოლოდ წინააღმეგობას ვწევდით, არამედ ალტერნატივა, სწორი ხედვა მზად გვქონდა კანონპროექტის სახით პრობლემის მოსაგვარებლად და დასარეგულირებლად. ამასობაში თუ პრეზიდეტის კრიტიკა სასარგებლო საქმედ ითვლება, მეც მგონია, რომ არავინ არის ხელშეუხებელი და კრიტიკა ნორმალურია, „ოცნების“ იდეების კრიტიკა რატომ არის ანტისახელმწიფოებრივი?! თუ ისევ იქ ვართ, ერთი რომ ფლობს ჭეშმარიტებას და სხვა ყველა "განათლებით დამძიმებულ თავს" უსაქმურობაში უნდა იყენებდეს? იმდენი ურთიერთგამომრიცხავი რამ არის ამ ერთ განცხადებაში, რომ რთულია რამე ითქვას. „ნაცმოძრაობაზე“, „პატრიოტებზე“, 2012-ში ქვის მსროლელებზე ტკბილი საუბარი და ჩვენზე ისრის გადმოტანა უბრალოდ ძალიან არადამაჯერებელია და ნებისმიერი გონიერი ადამიანი თავად მიხვდება ამას“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.