„რესპუბლიკური პარტია“ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

„რესპუბლიკური პარტია“ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

„რესპუბლიკური პარტია“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც პარტიის წევრმა თამარ ხიდაშელმა გუშინ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის უკიდურესად იმედგაცრუებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით და ძალიან აინტერესებს, თუ რითი დაასაბუთებს სამართლებრივად მოსამართლე საკუთარ გადაწყვეტილებას.

ხიდაშელის შეფასებით, მოსამართლემ თავდაყირა დააყენა სამართლებრივი წესრიგი და „საარჩევნო კოდექსი“.

”ჩვენ არ გვინახავს სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და ძალიან მაინტერესებს როგორ შეძლებს მოსამართლე დაასაბუთოს სამართლებრივად ის ალოგიკურობა, რაც ახლა გამოგვიცხადა. მან თავდაყირა დააყენა სამართლებრივი წესრიგი საარჩევნო კოდექსში, რომლითაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიანიჭა შეუზღუდავი უფლებამოსილება დაადგინოს წესები ისე, როგორც მას მოესურვება საარჩევნო კოდექსისგან აბსოლუტურად განსხვავებით. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, რადგან შეუძლებელია დამოუკიდებელმა სასამართლომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს”, - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ „რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. ”რესპუბლიკური პარტია” სარჩელით ითხოვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ ნორმატიული აქტის ბათილად ცნობას, რომლითაც ცესკომ „ახალ მემარჯვენეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო ნომერი წილისყრის გარეშე მიაკუთვნა.