მთავრობა კონსტიტუციაში ქორწინების წესის განსაზღვრის შესახებ რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანებულების კონტრასიგნაციის საკითხს განიხილავს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტმა უარი განაცხადა რეფერენდუმის ჩატარებზე და მთავრობა ვალდებულია ამ გადაწყვეტილების კონტრასიგნაცია განიხილოს.
„შესაძლოა, ჩვენ არგუმენტაციაში გვქონდეს სადაო და, ალბათ, ნამდვილად სადავოა ის არგუმენტი, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო რეფერენდუმი არ შეიძლება ჩატარდეს. ჩვენი აზრით, ეს ასე არ არის, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის არგუმენტებზე დავა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მთლიანად ვიზიარებთ რეფერენდუმის ინიციატორთა სურვილს, რომ „სამოქალაქო კოდექსში“ არსებული ჩანაწერი - „სამოქალაქო ქორწინება გახლავთ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით“, აისახოს კონსტიტუციაშიც. სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალა გახლდათ ინიციატორი ამ საკონსტიტუციო ცვლილების პარლამენტში და ეს პროცესი დაწყებულია. როგორც კი დამთავრდება არჩევნები, ჩვენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას აუცილებლად განვახორციელებთ და ეს ჩანაწერი აისახება საქართველოს კონსტიტუციაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ახლა მთავრობა პრეზიდენტის ბრძანებულების კონტრასიგნაციას მოახდენს, თუმცა „არჩევნების შემდეგ მალევე გააგრძელებს იმ პროცესს, რომელიც დღეს უკვე პარლამენტშია დაწყებული“.
„სამწუხაროდ, არსებულ პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ბოიკოტის და სხვადასხვა მიზეზების გამო ამ ცვლილების ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა. ამიტომ, დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც კი დამთავრდება არჩევნები, ჩვენ ამ ცვლილებას აუცილებლად გავატარებთ და ავსახავთ საქართველოს კონსტიტუციაში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ქორწინების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი თქვა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, ქართული კანონმდებლობით უკვე დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. პრეზიდენტი ასევე რეფერენდუმის ჩატარებაზე უარის თქმის მიზეზად ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასაც ასახელებს.
”უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რას გულისხმობს რეფერენდუმის კანონი. კანონში გარკვევით წერია, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მე, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, ვალდებული ვარ პირველ რიგში დავიცვა ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი. მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოდან რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ამ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტს აძლევს ოკუპანტს”, - განმარტა პრეზიდენტმა რამდენიმე კვირის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.