ჩემი პოზიცია მინდა გამოვხატო და ვთქვა, რომ ეს კვლევა პრაქტიკულად არის ”ნაციონალური მოძრაობის” ოცნება, - ამის შესახებ ”ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა ”არჩევანში” გერმანული კომპანია GFK-ს მიერ, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მაისის ბოლოს პარტიას ჰქონდა 14%, შემდეგ გამოქვეყნდა NDI-ის კვლევა, სადაც ოდნავ კლება იყო.
”ამაშიც ჩვენი მიზეზები დავინახეთ, თუმცა ამ კვლევებს ვუყურებთ როგორც არარეალურს, რადგან ჩვენ დავდივართ ხალხში, რეგიონებში და აბსოლუტურად სხვა რეალობა გვხვდება. ძალიან უცნაურია, როდესაც ასეთი უსაფუძვლო ვარდნააა და ჩვენ არაფერი ისეთი არ გაგვიფუჭებია, რომ ამ სამი თვის განმავლობაში შედეგი ასეთი ყოფილიყო. პირიქით, ჩვენ ადამიანებს ვთავაზობთ ყველა იმ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას, რაც მათ აწუხებთ. დავსახეთ გზა - როგორ გავზარდით პენსიას 300 ლარამდე და ეს არის რეალისტური, ასევე როგორ დავაკანონებთ მინიმალურ ხელფასს, როგორ მოვუხსნით ჩვენს მოსახლეობას ბანკების ტვირთს. ჩვვენ რეალურად ვმუშაობთ ხალხთან, ამიტომაც უსაფუძვლოდ და არარეალისტურად მიგვაჩნია ეს კვლევა. ჩემი პოზიცია მინდა გამოვხატო და ვთქვა, რომ ეს კვლევა პრაქტიკულად, არის ”ნაციონალური მოძრაობის” ოცნება. ეს კვლევა ჩემი გადმოსახედიდან არის სააკაშვილის მიერ დაწერილი რეიტინგები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას არ ვითვალისწინებთ, არ ვიღებთ მას სერიოზულად როგორც კვლევას, რომლის მიხედვით უნდა დაიწყო დაგეგმარება შენი ნაბიჯების. ეს ის კვლევა არ არის რომელზეც ჩვენ გავსწორდებით, ან მივიღებთ როგორც მოცემულობას. მოცემულობა არის აბსოლუტურად სხვა”, - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, კვლევები სრულიად სხვა რამეს ემსახურება, კერძოდ, გაჩნდეს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში რეალურად ორი ძალა არსებობს - ეს არის ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა”.
”ჩვენი ღრმა რწმენით ეს კვლევები სრულიად სხვა რამეს ემსახურება - არა მხოლოდ იმას, თუ რომელი პარტიაა რეიტინგში უფრო წინ, არამედ აქვთ სურვილი გააჩინონ აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში რეალურად ორი ძალა არსებობს - ეს არის ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა” და რომ რეალურად 8 ოქტომბერს ამ ორ ძალას შორის იქნება დაპირისპირება. მაგრამ ეს არ არის სწორი. ჩვენ კარგად ვიცით, საზოგადოების დიდ ნაწილს არ უნდა ”ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება. მეორე ის, რომ ეს უმოძრაობა, სტაგნაცია და ის შეუსრულებელი დაპირებები, რის გამოც ”ქართულმა ოცნებამ” დაკარგა რეიტინგი, თითოეული ჩვენი მოქალაქის მოსაზრებასა და მათ ყოფაზე აისახება და მათ არ უნდათ დარჩნენ სტატუს-კვოში. ჩემი აზრით, ეს კვლევა მიმართულია იქითკენ, რომ ალტერნატივას ვინც ეძებს, მოტივაცია გაუქრეს და აღარ მივიდეს არჩევნებზე”, - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, ”თავისუფალმა დემოკრატებმა” აქტივობით, ყოველდღიური შეხვედრებით მოქალაქეებს უნდა დაუდასტურონ ის, რომ პარტიის გეგმა რეალისტურია.
”ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც პროფესიონალია, და პოლიტიკური წარსულით სუფთაა. ჩვენ გვყავს პოლიტიკოსები, დიპლომატები, ეკონომისტები, რომლებმაც საკუთარი საქმე წამოაჩინეს. როდესაც ვიყავით ხელისუფლებაში, რაც ვთქვით ყველაფრი გავაკეთეთ, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროში. გავზარდეთ ჯარისკაცების ხელფასები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების. დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს რეალური ყოველთვიური კომპენსაცია დაენიშნათ. რასაც ვამბობდით, იმას ვაკეთებდით, როცა ვიყავით ხელისუფლებაში, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა გვაქვს”, - განაცხადა ალასანიამ.
როგორც ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა აღნიშნა, მთავარი დასკვნა, რომელიც ყველა ამ კვლევიდან შეიძლება გაკეთდეს არის ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ჩამოუყალიბებებლია, მათ უჭირთ გადაწყვეტილების მიღება იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ამჟამად პარტიებზე აქვთ.
”ძირითადი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არ მიდის სახელისუფლებო პარტიასთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხალხს არ უნდათ დაბრუნება „ნაციონალურ“ წარსულში. სწორედ ამ გადაუწყვეტელ ხმაზე მიდის ყველა პარტიისგან მთავარი მესიჯები. ,,თავისუფალ დემოკრატებს“ ამ კუთხით გვაქვს უნიკალური შანსი, რადგან 2012 წელს, როდესაც ჩვენ პრინციპების გარშემო გავერთიანდით, დავუპირისპირდით სააკაშვილის ხელისუფლებას და შემდგომ როდესაც ხელისუფლებაში მოვედით და დავინახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი იმავე მეთოდების მორგებით, აპირებს გააგრძელოს სასამართლოსა და პროკურატურის კონტროლი, როცა ასევე დავინახეთ ის, რომ მას პრაქტიკულად ჩვენთან თავსებადობა არ ჰქონდა უსაფრთხოების, თავდაცვის უნარიანობის გამყარების მიმართულებით, დავტოვეთ თანამდებობები და წამოვედით. ჩვენ დავანახეთ საზოგადოებას ისიც, რომ არასოდეს ვტოვებთ ჩვენს თანამებრძოლებს ბრძოლის ველზე. მე ვერ დავრჩებოდი იქ და მთელი ჩემი გუნდი იმიტომ გამომყვა მთავრობიდან, რომ ჩვენ ხუთ უდანაშაულო ადამიანს ციხეში არ დავტოვებთ. ჩვენი ხელისუფალებაში მოსვლის მთვარი ამოცანა არის არა ის, რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, არამედ ის, რომ სამართლიანობა აღვადგინოთ და ხალხს შევუმსუბუქოთ ის ყოფა, რომელიც აქვს და უკეთესი ცხოვრება მივცეთ. ,,თავისუფალი დემოკრატები“ ვართ ალტერნატივა, რომელიც შევთავაზებთ ხალხს უკეთეს ეკონომიკას და უკეთეს ცხოვრებას. სწორედ ეს იქნება ის არჩევნები, რომელიც ჩვენს მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის”, - განაცხადა ალასანიამ.