პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი “უბლოკო სტატუსის” საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე დღეს იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი “უბლოკო სტატუსის” საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე დღეს იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი “უბლოკო სტატუსის” საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე დღეს იმსელებს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეისთვის დანიშნულ სხდომაზე იმ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების საკითხს განიხილავს, რომლის მიზანს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვება წარმოადგენს. თავად საკონსტიტუციო ინიციატივა საქართველოს მიერ უბლოკო სტატუსის გამოცხადებას ითვალისწინებს.

საინიციატივო ჯგუფი 10 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან: - ნინო ბურჯანაძე, ბაკურ ბაკურაძე, გიორგი ახვლედიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გრიგოლ ბარამიძე და სხვები.

საინიციატივო ჯგუფს მზად აქვს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციისთვის შემდეგი პუნქტის დამატებას ითხოვენ: "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველო არ გაწევრიანდება რომელიმე საერთაშორისო სამხედრო ბლოკში, ან ალიანსში. დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიაზე რომელიმე სამხედრო ბლოკის, ალიანსის, ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს სამხედრო შენაერთების განთავსება. უბლოკო სტატუსი მოქმედებს 1991 წლის მდგომარეობით აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებში".

აღნიშნული საკონსტიტუციო პროექტის საპირისპიროდ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კოლეგებს შესთავაზა საკონსტიტუციო ინიციატივა, რომლიც მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში უნდა ჩაიწეროს ქართველი ხალხის ნება, ქვეყანამ დაიმკვიდროს სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში.

უსუფაშვილის საკონსტიტიციო შეთავაზების საკონსტიტიციო ინიციატივად ქცევისთვის და პარლამენტში პროექტის ინიცირებისათვის სულ მცირე 76 დეპუტატი ხელმოწერაა საჭირო, რაც ამ დროის მდგომარეობით ვერ გროვდება.

მმართველ გუნდში თვლიან, რომ როგორც ერთი, ისე მეორე საკონსტიტუციო პროექტი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და ელექტორალურ ამოცანებს უკავშირდება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს “უბლოკო სტატუსის” საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე რამდენიმე დღის წინ უნდა ემსჯელა, თუმცა საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა.