ფანასკერტელ-ციციშვილის N6-თან საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ფანასკერტელ-ციციშვილის N6-თან საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის N6-ის შიდა ეზოში გზის მოასფალტება მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს დღეს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.

შიდა კვარტალური გზა 12 სადარბაზოიან კორპუსთან იგება, სადაც გამგეობის ორგანიზებითა და შუამდგომლობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სასმელი წყლის დაზიანებული სისტემა შეცვალა. ასფალტო-ბეტონის საფარი  4 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები.

„სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია. პროექტის ნახევარი დასრულებულია, ახლა კი კორპუსის უკანა ეზოში იგება ასფალტი, ჯამში 4 500 კვადრატულ მეტრამდე. სულ მალე ადგილობრივ მოსახლეობას კეთილმოწყობილი ეზო ექნება, რადგან ამ კორპუსის გვერდით ჩვენ სულ ცოტახნის წინ დავასრულეთ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია,” - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

ფანასკერტელ-ციციშვილის N6-ში გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების მიერ 42 ათასამდე ლარის ღირებულების 4 პროექტი განახორციელდა - დაფინანსდა ორი ლიფტის რეაბილიტაცია, გარემონტდა ერთი სადარბაზო და 11 სადარბაზოში შეიცვალა წყალ-კანალიზაციის სისტემა.