ადვოკატის განცხადებით, ე.წ. ტერაქტის საქმეზე ბრალდებულმა ბექა ბექაურმა ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილეობა აღიარა

ადვოკატის განცხადებით, ე.წ. ტერაქტის საქმეზე ბრალდებულმა ბექა ბექაურმა ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილეობა აღიარა

ე.წ. ტერაქტის საქმეზე დაკავებულმა ბექა ბექაურმა ბრალი აღიარა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბექაურის ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ბექაური საავადმყოფოში მოინახულა, რომელმაც აღიარა, რომ ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილეობდა.
რაც შეეხება უშუალოდ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის ინფორმაციით, ბექაურს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიღებული, რომელიც „დაკავების მომენტში მიადგა“. 

ტერაქტის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის, ბექა ბექაურის დეიდის, მზიანა სუბელიანის განცხადებით, მისი დისშვილი სასტიკადაა ნაცემი და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც მან სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ბექაურის ცემა დაკავებისას ან აღიარებითი ჩვენების მიღებისას მოხდა.

ბექაურის დეიდა არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა ჩვენება მისცა მისმა დისშვილმა გამოძიებას და აღიარა თუ არა დანაშაული, თუმცა ვარაუდობს, რომ მან ყველაფერი თავის თავზე აიღო და ეს სწორედ „ცემის შედეგად მოხდა“.

„თუ დამნაშავეა, თუნდაც სიკვდილით დასაჯონ, მაგრამ მანამდე ცემა რა საჭირო იყო? როგორც ექიმმა ამიხსნა, თავის არეში აქვს ძვალი გატეხილი და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული ზიანი“, - განაცხადა ბექაურის დეიდამ და დისშვილის უკრაინასთან კავშირი კატეგორიულად გამორიცხა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ტერაქტის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებული პროცესი უნდა დაიწყოს.