ნოდარ ხარშილაძე - სუს-ის მიერ გახსნილ საქმეს არასწორი კვალიფიკაცია აქვს, ეს უფრო დივერსიაა, ვიდრე ტერაქტი

ნოდარ ხარშილაძე - სუს-ის მიერ გახსნილ საქმეს არასწორი კვალიფიკაცია აქვს, ეს უფრო დივერსიაა, ვიდრე ტერაქტი

ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე მიიჩნევს, რომ სუს-ის მიერ გახსნილ საქმეს არასწორი კვალიფიკაცია აქვს მიცემული. როგორც ხარშილაძემ ”ინტერპრესნიუსს” საქართველოში ტერაქტის აღკვეთის შესახებ სუს-ში გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, ეს არა ტერაქტი, არამედ „უფრო დივერსიაა“.

”პირველ რიგში, ეს არ არის ტერაქტი. ეს არასწორი კვალიფიკაციაა. ტერაქტს აქვს იდეოლოგიური შემადგენელი, სამოქალაქო პირების წინააღმდეგ არის მიმართული, მას რაიმე გზავნილი უნდა ჰქონდეს. ეს უფრო დივერსიაა. მეორე - გამოძიებიდან რამდენიმე სააათის შემდეგ უკრაინაზე საუბარი, ჩემი აზრით, არის ძალიან იაფფასიანი პროპაგანდა”, - განაცხადა ექსპერტმა. 

როგორც ხარშილაძემ აღნიშნა, არავითარი ლოგიკა არ არის იმ მოსაზარებებში, რომ უკრაინაში ხშირად სიარული რამენაირად ნიშნავდეს დაჯგუფების იმ ქვეყნიდან მართვას. 

”მე ვერანაიარდ ვერ ვხედავ ლოგიკას, რომ ხშირად სიარული რომელიმე ქვეყანაში შესაძლოა ნიშნავდეს იქიდან მართვას. ეს უკვე იმას კითხეთ, ვინც ასეთი ლოგიკით ცდილობს ჩამოყალიბოს ეს ფაქტები. არის ჩვეულებრივი დივერსია, თუ არის სინამდვილეში, ესეც გასარკვევია. რა მიზეზებია, ეს უნდა გაირკვეს. წინასწარი განცხადება კი არის პოლიტიკური პიარი და მეტი არაფერი”, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.