თავდაცვის სამინისტრო - ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს თავდაცვის მინისტრთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს

თავდაცვის სამინისტრო - ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს თავდაცვის მინისტრთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქვეყანაში დაგეგმილი ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი, საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ნათესავია „დეზინფორმაციას“ უწოდებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო პოლიციის დაკავებულ თანამშრომელსა და ლევან იზორიას შორის არანაირი ნათესაური კავშირი არ არსებობს და აქვთ საფუძვლიანი ეჭვი ივარაუდონ, რომ კონკრეტული სუბიექტების მხრიდან მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მიმართულია თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციისკენ.

„ინფორმაცია, თითქოს დაკავებული ლევან მ. თავდაცვის მინისტრის ნათესავია, არ შეესაბამება სიმართლეს და არის დეზინფორმაცია. ლევან მ.-ს არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს თავდაცვის მინისტრთან. ამასთან, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კონკრეტული სუბიექტების მხრიდან, მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება მიმართულია ლევან იზორიას დისკრედიტაციისკენ, რაც სამწუხარო ფაქტია“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. დაკავებულია 7 პირი, მათ შორის ერთ-ერთი ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ლევან მამფორია.