ირაკლი ბერაია არც ერთი ხობელის პრობლემას ყურადღების გარეშე არ დატოვებს

ირაკლი ბერაია არც ერთი ხობელის პრობლემას ყურადღების გარეშე არ დატოვებს

"ქართულმა ოცნებამ" ხობში მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატი, ირაკლი ბერაია წარადგინა.

"ქართულ ოცნებას" ხობში ირაკლი ბერაია წარმოადგენს, - მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატი დღეს, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

ირაკლი ბერაია პროფესიით ეკონომისტი და ფინანსისტია და მას კომერციულ საბანკო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ირაკლი ბერაია, რომელმაც ბანკ "ქართუში" მუშაობა რიგით თანამშრომლად დაიწყო, დღეს ცენტრალური ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორია.

პრემიერის შეფასებით, იგი ბანკში ძალიან გამოკვეთილი ლიდერია.

"დარწმუნებული ვარ, ის თვისებები, რომელიც მას გააჩნია, აუცილებლად გამოსადეგი იქნება ხობის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატის პოზიციიდანაც, ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, იგი არც ერთი ხობელის პრობლემას ყურადღების გარეშე არ დატოვებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და კანდიდატს წარმატება უსურვა.

პრემიერმა, ხუმრობით ასევე აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს სენაკსა და ხობში ჰყავს მაჟორიტარობის ორი კანდიდატი და ორივე მათგანის სახელია ირაკლი ბერაია.

"ალბათ, ესეც ძალიან საინტერესო ფაქტორია. მინდა, წარმატება ვუსურვო ირაკლის. დარწმუნებული ვარ, იგი იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი მომავალ პარლამენტში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.